უიმბლდონის მეოთხე სათამაშო დღეს მეორე რაუნდი სრულდებოდა.
ტურნირის ორგზის ჩემპიონის, რაფაელ ნადალის თამაშს მეორე წრეში ინტერესით ელოდნენ, რადგან ბოლო ხუთი გათამაშებიდან, ესპანელი სამჯერ სწორედ მეორე რაუნდში გამოეთიშა ბრძოლას.
ნადალს დიდი წინააღმდეგობა გაუწია მსოფლიოს 77-ე ჩოგანმა, ყაზახმა მიხაილ კუკუშკინმა. ის ორსაათნახევარი გაუძალიანდა მსოფლიოს პირველ ნომერს, 13 ბრეიკ-პოინტიც მიიღო, მაგრამ მხოლოდ ორი შანსი გამოიყენა და ამის გამო, დამარცხდა. ნადალსაც რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
ნადალს ყველაზე რთული მომენტი მესამე სეტის სტარტზე ჰქონდა, როცა 1:3 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმის აღება შეძლო – 6:4, 6:3, 6:4.
რაფას შემდეგი მეტოქე ახალგაზრდა ავსტრალიელი ალექს დე მინორი იქნება, რომელიც პირველად არის გასული “დიდი სლემის” ტურნირის 1/16 ფინალში.
კიდევ უფრო მარტივად მოიგო სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მას სულ რაღაც საათნახევარი დასჭირდა არგენტინელი ორასიო სებალიოსის დასამარცხებლად – 6:1, 6:2, 6:3. ამ მოგებით, ნოვაკი ზედიზედ მეათედ გავიდა უიმბლდონის 1/16 ფინალში.
ჯოკოვიჩმა პირველ მოწოდებაზე ქულების 89 პროცენტი აიღო (46-დან 41) და მეტოქის სამივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია. ეს იყო სერბის მე-60 მოგებული მატჩი უიმბლდონზე.