ბარსელონას ATP250-ის კატეგორიის ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ. გადამწყვეტ მატჩში ესპანელი რაფაელ ნადალი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი ითამაშებენ, რომელმაც გასულ კვირას მონტე კარლოს „მასტერსი“ მოიგო.
ციციპასმა ნახევარფინალში მორიგი დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა – საათსა და 23 წუთში 6:3, 6:3 მოუგო იტალიელ იანიკ სინერს. ბერძენმა 10-დან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მისმა მეტოქემ ოთხიდან ვერცერთი.
ციციპასს გრუნტის სეზონში ცხრიდან ცხრა მოგება აქვს, არც ერთი სეტი არ წაუგია და არცერთ პარტიაში ტაი-ბრეიკიც არ დასჭირვებია.
ბერძენის მეტოქე ფინალში რაფაელ ნადალი იქნება, რომელმაც პირველ ორ წრეში თითო სეტის წაგების შემდეგ, ზედიზედ მეორედ მოიგო ორ სეტში. ამჯერად, მან საათსა და 29 წუთში 6:3, 6:2 სძლია თანამემამულე პაბლო კარენიო ბუსტას. ნადალმა 10 ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა, კარენიო ბუსტამ ოთხიდან ერთი.