მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა თავის „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ჩინეთში იქ დაგემილ ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად არ გაფრინდება.
რაფა გამოტოვებს პეკინში ATP500-ის ტურნირს და შანხაის „მასტერსს“. ამის მიზეზი ის არის, რომ ნადალი მუხლის ტრავმის შემდეგ აღდგენას აგრძელებს, რომელიც აშშ-ის ღია პირველობაზე მიიღო.
ამ ტურნირზე ესპანელმა ნახევარფინალი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს წინააღმდეგ ვერ დაასრულა.
„როგორც მოგეხსენებათ, იძულებული გავხდი ნაადრევად დამესრულებინა აშშ-ის ღია პირველობა ტრავმის გამო. სამედიცინო შემოწმების შემდეგ, მე და ჩემმა გუნდმა გადავწყვიტეთ – გამოვტოვოთ აზიური ტური.
მუხლის დაზიანებაში ახალი არაფერი არ არის – მსგავსი პრობლემები ადრეც ყოფილა და ვიცით როგორ მოვუაროთ მას“, –
განაცხადა ნადალმა, ამასთან, არ დაუზუსტებია, როდის აპირებს კორტზე დაბრუნებას.
ნადალს გასულ კვირას დევისის თასის ნახევარფინალში უნდა ეთამაშა, მაგრამ ესპანეთის ნაკრებს ვერ დაეხმარა. ესპანეთმა საფრანგეთთან 2-3 წააგო.