ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, შესაძლოა, ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად გამოვარდეს რეიტინგის TOP 10-დან.
ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი არ ითამაშებს ინდიან უელსისა და მაიამის „მასტერსებზე“, ეს ტურნირები მთელ მარტს დაიკავებს.
გადაწყვეტილების მიზეზი ფეხის ტრავმაა, რომელიც ესპანელმა ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში მაკენზი მაკდონალდთან მატჩში მიიღო. შედეგად, ნადალმა მთელი თებერვალი გამოტოვა, უარი თქვა დოჰასა და დუბაიში თამაშზე, ასევე არ შეხვდება თანამემამულე კარლოს ალკარასს საჩვენებელ მატჩში, რომელიც 5 მარტს ლას ვეგასში გაიმართება.
„ვემზადები ოპტიმალურ ფორმაში დასაბრუნებლად. ვწუხვარ, რომ ვერ შევძლებ ინდიან უელსში და მაიამიში თამაშს“, – დაწერა თავის სოციალურ ქსელში ნადალმა.
დიდი ალბათობით, ამ ორი „მასტერსის“ გამოტოვების გამო რაფა 2005 წლის (!) აპრილის შემდეგ პირველად დატოვებს ATP-ის რეიტინგის TOP 10-ს. მისი იქ ყოფნა 912 კვირა გრძელდება, რაც აბსოლუტური რეკორდია.