ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავებს ახალი სეზონის დაწყება იანვარში სურთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელები 2020-21 წლების სეზონის დაგეგმვაზე მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით ლიგის ბოსები დაწყების თარიღად 22 დეკემბერს განიხილავენ, რამაც კალათბურთელების უკმაყოფილება გამოიწვია.
სავარაუდო თარიღზე განსაკუთრებულ უკმაყოფილებას წელს პლეი ოფში მოასპარეზე გუნდები გამოთქვამენ, რადგან მათთვის სეზონი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.
Yahoo Sport-ის ჟურნალისტი კრის ჰაინსი იუწყება, რომ მოთამაშეებს ახალი სეზონის დაწყება 2021 წლის 21 იანვარს სურთ და ისენი ლიგას ამ თხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავენ. სავარაუდოდ, შედგება მოლაპარაკება, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა სეზონის დაწყების თარიღი.
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მსროლელმა დენი გრინმა ერთ-ერთ ინტერვიუში უკვე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ახალი სეზონი დეკემბერში დაიწყება, გუნდების ვარსკვლავები და ვეტერანები გარკვეულ პერიოდს გამოტოვებენ.