„ნაციონალური მოძრაობა“ - არსებულ კითხვებს „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა ღიად, საჯაროდ და სრულყოფილად უნდა გასცენ პასუხი
„ნაციონალური მოძრაობა“ - არსებულ კითხვებს „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა ღიად, საჯაროდ და სრულყოფილად უნდა გასცენ პასუხი

არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ ხმების პარალელური დათვლის ჩასწორებასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებულ კითხვებს „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა ღიად, საჯაროდ და სრულყოფილად უნდა გასცენ პასუხი.

„1. არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები PVT-ს „ხარვეზებისა“ და გადამოწმების აუცილებლობასთან დაკავშირებით საეჭვოდ დაემთხვა, მაშინ როდესაც ამის შესახებ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ საჯარო განცხადება არ ჰქონდათ გაკეთებული. სანდოობის უზრუნველსაყოფად და მიუკერძოებლობის გამოსარიცხად ხმების პარალელური დათვლა, ასევე მისი აუდიტის პროცესი არის კონფიდენციალური. შესაბამისად, ასეთი ტიპის დამთხვევა აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლებას ინფორმაციაზე უკანონო წვდომა ჰქონდა. დიდი ალბათობით, ეს მოხდა უკანონო მიყურადების შედეგად, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესის სანდოობას.

2. PVT -ს მეთოდოლიგია ითვალისწინებს შემთხვევითი შერჩევის წესით განსაზღვრულ უბნებში დაწერილი ოქმების დაჯამებას. შესაბამისად, ხმების პარალელური დათვლა ვერ ახდენს უბანზე არსებული დარღვევების (კარუსელი, ბიულეტენების ჩაყრა, ბიულეტენში ჩანაწერების გაყალბებას) მონიტორინგს ან პრევენციას. სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მტკიცება არჩევნების მასშტაბურად გაყალბების შესახებ ეფუძნებოდა არა PVT-ს პირველად შედეგებს, არამედ მთელ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების, საარჩევნო დღისა და ხმების დათვლის პროცესის განმავლობაში უამრავი დარღვევის შესახებ მიღებულ ვიდეო, აუდიო თუ წერილობით მტკიცებულებებს, რომელთა შესახებაც ჩვენ საზოგადოებას ინფორმაციას მუდმივად ვაწვდიდით. მაგალითისთვის – 2 000-ზე მეტ ოქმში დისბალანსია, არჩევნების პროპორციულ ნაწილში 3 000-ზე მეტი ბიულეტენია დაკარგული, ყველა ეს ბიულეტენი პოტენციურად კარუსელის განხორციელების წინაპირობაა, აღარ ვსაუბრობთ ჩაყრის და ამომრჩეველზე ზეწოლის ვიდეო მტკიცებულებებზე.

3. ISFED-ის ჩასწორებულ განცხადებაში მკაფიოდ აღნიშნულია: „მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.“ ამ ფარგლების დისბალანსის პირობებში, რომელიც ცხადია, რომ სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ მოხდა, იძლევა4%-იან ცდომილებას.

არსებულ კითხვებს სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებმა ღიად, საჯაროდ და სრულყოფილად უნდა გასცენ პასუხი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ეს უნდა მოხდეს დროულად და არა მხოლოდ წერილობითი ფორმით“, – აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.