მწვრთნელი, რომელიც ყიფიანთან მუშაობდა - ნოდარ აკობია გარდაიცვალა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა ცნობილი ქართველი მწვრთნელის, ნოდარ აკობიას გარდაცვალებას, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ასაკის ნაკრებებსა და წამყვან ქართულ კლუბებში.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მწვრთნელის, ნოდარ აკობიას გარდაცვალების გამო. გამოცდილი სპეციალისტი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და საფეხბურთო ოჯახს“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.
სამწვრთნელო კარიერის დაწყებამდე ნოდარ აკობია იყო თბილისის „ლოკომოტივის“ წევრი, აგრეთვე უთამაშია თბილისის „დინამოს“ დუბლშემადგენლობაში. საფეხბურთო კარიერის შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო და თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ დავით ყიფიანის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ.
ნოდარ აკობია 2012 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 2005 წელს, „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიგო. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ თბილისურ გუნდს 17 წელია, სხვა ტიტული არ მოუგია.
ნოდარ აკობია ბოლო წლებში სფფ-ის ზუგდიდის აკადემიის სელექციონერად მუშაობდა.