„მუნდო დეპორტივო“ - მამარდაშვილი „ვალენსიას“ სასტარტო მეკარეობის მოულოდნელი ვარიანტია #1TVSPORT
„ვალენსიამ“ მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო შეხვედრა ინგლისურ „ბრენტფორდთან“ ჩაატარა და 1:2 დამარცხდა. ეს შეხვედრა გიორგი მამარდაშვილმა გამოტოვა. ეს არ არის გასაკვირი – მთავარი მეკარის, იასპერ სილესენის და მისი შემცვლელის, ხაუმე დომენეკის ტრავმების შემდეგ, „ვალენსიას“ კარში სულ ქართველი ჩანდა, რომელიც თავიდან მეოთხე მეკარედ განიხილებოდა, რეალურად კი სათადარიგო გუნდის მეკარე უნდა ყოფილიყო. ამჯერად კი მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მესამე მეკარე – კრისტიან რივერო ათამაშა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა სტარტს 13 აგვისტოს აიღებს და გახსნითი მატჩი სწორედ „ვალენსიას“ მონაწილეობით იქნება. „ღამურები“ საკუთარ კედლებში „ხეტაფეს“ დაუპირისპირდებიან. ვინაიდან „მესტალიას“ ბინადრებს დომენეკი და სილესენი ტრავმირებული ჰყავთ, შესაძლოა, მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.
„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ახალი მოთამაშეების დამატება სურს, ევროსაგზურისთვის საბრძოლველად, მაგრამ ორი ტრავმირებული მეკარის მიუხედავად, არა მეკარის, არამედ მცველისა და თავდამსხმელის შეძენის აუცილებლობა ახსენა.
ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა „მუნდო დეპორტივომ“ გამოაქვეყნა საინტერესო წერილი, სათაურით – „მამარდაშვილი „ვალენსიას“ სასტარტო მეკარეობის მოულოდნელი ვარიანტია“.
„იასპერ სილესენისა და ხაუმე დომენეკის ტრავმების გამო, წინასასეზონო თამაშები გიორგი მამარდაშვილმა ჩაატარა და „დინამო თბილისიდან“ იჯარით ჩამოსულმა ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ დაამტკიცა, რომ ის გუნდის პირველი მეკარეობის სიცოცხლისუნარიანი ვარიანტია.
7 ივნისს „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილის ჩამოსვლა დაადასტურა და სარეზერვო გუნდში მისი ჩარიცხვა მედიაში მოკლედ გააშუქა. მეკარე იჯარით მოვიდა „დინამო თბილისიდან“ შესყიდვის უფლებით (მილიონ ევროდ), მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. გასულ სეზონზე მან თავისი ქვეყნის პირველ დივიზიონში და ევროპა ლიგაზე ითამაშა (მათ შორის, „გრანადასთან“). „მესტალიას“ შვილობილი კლუბი ახლახან მეხუთე დივიზიონში გადავიდა, მაგრამ გასული კვირის განმავლობაში, მამარდაშვილმა თავი გამოავლინა, როგორც ძირითადი შემადგენლობის მეკარემ.
მისმა ბოლო ორმა თამაშმა, „ლევანტესთან“ და ოთხშაბათს, „ტარონიას თასზე“ „მილანის“ წინააღმდეგ, საშუალება მისცა სპეციალისტებს, დაენახათ დიდი მეკარე (197 სანტიმეტრი) კარგი რეფლექსებით, ფხიზელი, თავდაჯერებული და მშვიდი. მიუხედავად 20 წლის ასაკისა, ფეხითაც კარგად თამაშობს. მან ორი თამაში უგოლოდ დაასრულა და ბურთი მხოლოდ იტალიელებთან პენალტების სერიაში ვერ მოიგერია.
ახლა საჭირო იქნება იმის განსაზღვრა, თუ როგორ იმოქმედებს მისი მისვლა „ვალენსიას“ სატრასნფერო პოლიტიკაზე. „მესტალიას“ კლუბი მზად იქნება გაუშვას სილესენი მაღალი ხელფასისა და ტრავმებისადმი მიდრეკილების გამო, რომელიც ბორდალასისთვის პირველი ნომერი იყო. გარდა ამისა, ახლახან განაახლა კონტრაქტი მესამე მეკარე კრისტიან რივერომ, ხოლო მეორე მეკარე დომენეკს კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს.
სავარაუდოდ, ზაფხულში, კლუბი მინიმუმ ერთ მათგანს გაყიდის ან იჯარით გაუშვებს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ წინასასეზონო თამაშების შემდეგ, მამარდაშვილი დარჩება.“
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გამოცემა ElDesmarque Valencia-მ ჩაატარა გამოკითხვა იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობდნენ გულშემატკივრები მეკარეებზე და გასაოცარი შედეგები დაფიქსირდა – ვალენსიელთა ფავორიტი მამარდაშვილი გახდა. ფაქტობრივად, ოთხიდან თითქმის სამმა (დაახლოებით 72%-მა) ხმა ქართველ მეკარეს მისცა. სილესენმა მოიპოვა ხმების დაახლოებით 22%, ხოლო დომენეკისა და რივეროს ხმები ძლივს აღემატება 3 და 2 პროცენტს“.