მუხრან ბაგრატიონი კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბ „გრაცერში“ გააგრძელებს – „დინამო თბილისის“ მარცხენა მცველთან დაკავშირებით ინფორმაციას Transfermarkt-ი ავრცელებს.
21 წლის ფეხბურთელით ავსტრიელთა დაინტერესების შესახებ ჯერ კიდევ ივნისში იწერებოდა. „გრაცერს“ ფერდინანდ ფელდჰოფერი ავარჯიშებს, რომელიც 2024 წელს თბილისელთა მთავარი მწვრთნელი იყო, ბაგრატიონის მიწვევაც სწორედ მისი იდეა გახლდათ.
ბაგრატიონი „დინამო თბილისის“ აკადემიაში 8 წლის ასაკში ჩაირიცხა და შემდგომში მთავარ გუნდში დაწინაურდა. სათამაშო პრაქტიკის მისაღებად „თელავსა“ და ბათუმის „დინამოში“ იჯარით გამოდიოდა. ასევე, იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი, თუმცა 21-წლამდელთა გუნდში არ უთამაშია.