მტკივნეული წაგება ბოლო წამებზე - ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „იუვენტუსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სეზონი უმძიმესი გამოცდით დაიწყო – კრემონელები საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ დაუპირისპირდნენ და 0:1 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების მცველი „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 90+3-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. მისი გუნდი ტურინულ გრანდს 5-3-2 დაცვითი სისტემით დაუპირისპირდა, სადაც ლოჩოშვილი მარცხენა ცენტრალურ მცველად თამაშობდა.
„იუვენტუსი“ კრემონას დიდი დანაკლისით ესტუმრა – გუნდს აკლდნენ ტრავმირებული ბონუჩი, კუადრადო, პოგბა, ვლაჰოვიჩი და არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონი ანხელ დი მარია, რომელსაც ტერფის დაზიანება აწუხებს.
პირველ ტაიმში „კრემონეზეს“ ორი გოლი არ ჩაუთვალეს. მე-16 წუთზე ემანუელ ვალერის რთული პოზიციიდან გატანილი გოლი VAR-მა არ ჩათვალა, რადგან ის ვიდეორეფერიმ თამაშგარე დააფიქსირა. მეორედ კი არბიტრმა სირილ დესერსზე ხელით თამაში უსაფუძვლოდ დააფიქსირა.
მეორე ტაიმში საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ზუსტად დარტყმას ვერ ახერხებდნენ, სანამ 90-ე წუთი არ დადგა – „იუვენტუსის“ პოლონელმა ლეგიონერმა არკადიუშ მილიკმა საჯარიმო იდეალურად შეასრულა და ტურინელებს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
16 ტურის შემდეგ „იუვენტუსი“ სერია A-ში 34 ქულით მე-3 ადგილზეა, „კრემონეზე“ კი 7 ქულით ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზე დარჩა.