მტკივნეული მარცხი შოტლანდიასთან - ქართველმა 17-წლამდელებმა ევრო 2022-ზე მოხვედრის შანსით ვერ ისარგებლეს #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ელიტ რაუნდში მესამე მატჩი გამართა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ვერ გამოიყენა.
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილებმა პირველ ტურში გერმანიასთან წაგების (0:3) შემდეგ ჩეხეთის ნაკრები 2:1 დაამარცხეს და ევროფორუმზე მოხვედრის რეალური შანსი გაუჩნდათ და ბოლო ტურში მასპინძელ შოტლანდიასთან ფრეც აწყობდათ.
სამწუხაროდ, იმედები არ გამართლდა. შოტლანდიის 17-წლამდელებმა საქართველოს ნაკრებს არანაირი შანსი არ დაუტოვეს და მიზანს ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მიაღწიეს, როდესაც 3:0 დაწინაურდნენ. საბოლოოდ, კი ელიტ რაუნდის მასპინძლებმა 6:1 გაიმარჯვეს – ბენ დოუკიმ( 43, 44, 84) ჰეთ-თრიქი შეასრულა, 1-1 გაიტანეს კამერონ კუპერმა (9) და რორი უილსონმა (51), ხოლო 61-ე წუთზე საბა ხარჩილავამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. საქართველოს 17-წლამდელებიდან ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე გივი ხაჩიძის ანგარიშზეა.
მესამე ტურში გერმანიამ ჩეხეთი 5:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ასპორცენტიანი შედეგით მოიპოვა. მეორეზე ოთხი ქულით შოტლანდია გავიდა და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, საქართველო სამი ქულით მესამე ადგილზე დარჩა, ხოლო ბოლო პოზიციაზე (ერთი ქულით) ჩეხეთია.