ეროვნული ლიგის პლეი-ოფი დასრულდა და ცნობილია ყველა გუნდი, ვინც ევროთასებზე და საქართველოს ჩემპიონატის მომავალ სეზონში ითამაშებს. ასევე ცნობილია 2022 წლის სეზონის გამორჩეული მოთამაშეები, საუკეთესო ბომბარდირები, ასისტენტები და მეკარეები, რომლებმაც კარი „მშრალად“ ყველაზე მეტჯერ შეინახეს.
საინტერესოა, რომ მხოლოდ ორად-ორი მოთამაშეა, რომლებმაც ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ანუ 3240 წუთი ითამაშა. ესენი არიან „გაგრას“ და გორის „დილას“ მცველები – გიორგი ქობულაძემ და ვანდერსონ სილვამ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში ყველა (36) მატჩი სრულად ითამაშეს.
25 წლის მარცხენა მცველი ქობულაძე 2015 წლიდან უკრაინაში, „ინგულეცში“ თამაშობდა, „გაგრაში“ კი 2019 წლის თებერვალში ჩაირიცხა. ბრაზილიელიც მარცხენა მცველია – ვანდერსონ სილვამ „დილასთან“ კონტრაქტი 2020 წლის სექტემბერში გააფორმა.
ვანდერსონმა კარიერის დიდი ნაწილი ბრაზილიის ქვედა ლიგის კლუბებში გაატარა – „ვილა ნოვაში“, „ოპერარიოსა“ და „ანაპოლისში“, უცხოეთში კი, საქართველოს გარდა, ისრაელისა და აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის კლუბებში ითამაშა – „ბნეი სახნინსა“ და „საბაჰში“.