მთავარი სენსაცია - მარტვილის „მერანი“ ლიგა 3-ში გავარდა
მთავარი სენსაცია - მარტვილის „მერანი“ ლიგა 3-ში გავარდა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში ბოლო, 36-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და ყველაფერი გაირკვა – მათ შორის პლეი-აუტის მონაწილეები და გავარდნილი გუნდის ვინაობა.

არა მხოლოდ ამ ტურის, არამედ სეზონის მოულოდნელობა მარტვილის „მერანის“ ლიგიდან გავარდნაა. მარტვილელებმა ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლეს და 2:3 დამარცხდნენ. გადამწყვეტი გოლი მასპინძელთა კარში 86-ე წუთზე ვაკო თევდორაძემ გაიტანა.

„გაგრამ“ თბილისის „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა და პირველ ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდა. თუმცა, წონასწორობა აღადგინა, ხოლო 84-ე წუთზე გიორგი ივანიაძემ „გაგრას“ გამარჯვება მოუტანა – 3:2.

„შუქურამ“ ქობულეთის „ჩელე არენაზე“ უშუალო კონკურენტს, წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა, 2:0 მოიგო და ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა.

მნიშნელოვანი შეხვედრა მოიგო „ცხინვალმა“, რომელმაც გასვლაზე „თელავს“ 5:4 მოუგო. არადა, ტაიმის ბოლო 1:3-ს აგებდა. ანტონ თოლორდავას (22), მირიან ჯიქიას (27) და ირაკლი რუხაძის (45+1) გოლებს სტუმრებმა 30-ე წუთზე ჩუკა ოგბუს გოლით უპასუხეს, მაგრამ შესვენებამდე ნიკოლოზ ყურშავიშვილმა სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა და სტუმრებს იმედი შეუნარჩუნა. მათ ამით კარგად ისარგებლეს. ლუკა ვარძელაშვილმა (53) და ჩუკა ოგბუმ (70) „ცხინვალი“ 3:4 დააწინაურეს. თელაველმა გიორგი კანდელაკმა 76-ე წუთზე წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა, მაგრამ დავიდ როხას მენამ 81-ე წუთზე „ცხინვალს“ გამარჯვება და პლეი-აუტში თამაშის საგზური მოუტანა (4:5).

პლეი-აუტში გასულმა „ვიტ ჯორჯიამ“ კი „ნორჩი დინამო“ 2:0 დაამარცხა.

პირველი და ბოლო სამეული ასე გამოიყურება:

1. დინამო ბთ 76
2. ვიტ ჯორჯია 65
3. გაგრა 58

8. სამგურალი 41
9. ცხინვალი 36
10. მერანი 36

ამგვარად, ლიგა2-ის გამარჯვებული ბათუმის „დინამო“ გახდა, ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი-აუტში „ვიტ ჯორჯია“ და „გაგრა“ ითამაშებენ. ლიგა 2-დან მარტვილის „მერანი“ გავარდა, გასავარდნთა პლეი-აუტში კი „ცხინვალი“ და „სამგურალი“ ითამაშებენ.