კორეაში მიმდინარე მსროლელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრების წევრები სამ დისციპლინაში გამოვიდნენ და აქედან ორში წარმატებასთან ახლოს იყვნენ. ახალგაზრდებში შერეულ წყვილებში 10 მეტრზე აკაკი მოსულიშვილს და ნინო ხუციბერიძეს 3 ქულა დააკლდათ ფინალში შესასვლელად, საბოლოოდ 34 გუნდს შორის მე-7 ადგილზე გავიდნენ, ხოლო 50 მეტრზე ცოტნე მაჭავარიანი მე-8 ადგილზეა 66 სპორტსმენს შორის. ორივე დისციპლინაში ჩვენებმა ბოლო სერია ჩააგდეს.
ნინო სალუქვაძემ პნევმატური პისტოლეტით ისროლა და წარუმატებლად:-563 ქულით 64-ე ადგილი.
მაჭავარიანი პირველი სერიის შემდეგ 96 ქულით პირველ-მეორე ადგილებს სერბ დუშკო პეტროვიჩთან ერთად იყოფდა და ბოლომდე ინარჩუნებდა მედლის მოპოვების შანსს და რადგან ეს არაოლიმპიური სახეობაა აქ ფინალები არ ტარდება, მედალოსანთა სამეული პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგებით ვლინდება . ცოტნემ საწყის 5 სერიაში:- 96, 91, 92, 95, 93 ქულა დააგროვა და მხოლოდ ბოლო სერია ჩააგდო – 89, ჯამში კი 556 ქულა გამოუვიდა. ის მე-8 ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალოსანს 4 ქულით ჩამორჩა.
ამ სახეობაში ჩემპიონი 564 ქულით ინდოელი პრაკაშ ომ მიტარვალი გახდა. ვერცხლი სერბმა ევროპის მედალოსანმა დამირ მიკეცმა მოიპოვა – 562, ბრინჯაო – კორეელმა დაემიუნ ლეემ 560-ით.
ახალგაზრდებმა საკვალიფიკაციო ეტაპი 758 ქულით დაამთავრეს, მათგან ხუციბერიძის ანგარიშზე 380 ქულაა, მოსულიშვილის წილად კი – 378. აღსანიშნავია, რომ ხუციბერიძემ პირველ სერიაში 98 ქულა დააფიქსირა.
ამ დისციპლინაში ფინალში ინდოეთიდან და კორეიდან 2-2 გუნდი გავიდა ერთი კი რუსეთის წყვილი იყო. ფინალში კორეელებმა იმძლავრეს. ჩემპიონი ახალგაზრდებში მსოფლიოს რეკორდით კორეელთა პირველი გუნდი გახდა.