ნახევარმცველმა ფაიქ ბოლკიაჰმა, რომელსაც პრესა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ფეხბურთელად მოიხსენიებს, დატოვა „ლესტერი“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.
22 წლის ფეხბურთელი ბრუნეის სულთანის ჰასანალ ბოლკიაჰის ნათესავია. სულთანის ოჯახის ქონება 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მემკვიდრეობით ფაიქს უნდა ერგოს.
2016 წელს, ნახევარმცველი „ლესტერში“ გადავიდა, მაგრამ ინგლისური კლუბის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. და იმის მიუხედავად, რომ ფაიქი იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა, მას მაინც არასოდეს მოუწია „მელიების“ პირველ გუნდში თამაში. ამ ზაფხულს ფეხბურთელის კონტრაქტი ამოიწურა, რომელიც აღარ გაგრძელდა.
გასულ წელს, ფეხბურთელებს შორის ყველაზე დიდი შემოსავალი „ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესის ჰქონდა, რომელმაც 126 მილიონი ევრო გამოიმუშავა. სიაში მეორე „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო იყო 109 მილიონი ევროთი.