ესპანელმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს ყოფილმა მეხუთე ჩოგანმა ტომი რობრედომ ილაპარაკა ტოტალიზატორზე მოთამაშე გულშემატკივრების რეაქციის შესახებ მის წაგებებზე. რობრედოს თქმით, საერთოდ უნდა აიკრძალოს საბუკმეიკერო ფსონები.
„ჩოგბურთელთა 99.9 პროცენტი ფსონების წინააღმდეგნი ვართ. არ ვლაპარაკობ 100 პროცენტზე, რადგან ზოგიერთი ჩოგბურთელი დაიჭირეს ფსონებზე. ყოველი წაგებული მატჩის შემდეგ, ვიღებ შეტყობინებებს, რომლებშიც შეურაცხყოფას აყენებენ ჩემი ოჯახის წევრებს, მე ფეხის მოტეხვით მემუქრებოდნენ. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ ჩოგბურთში ფსონებს აკრძალავენ“, – განაცხადა რობრედომ.
დღეისთვის, 36 წლის რობრედო 225-ე ჩოგანია. მიმდინარე სეზონში მან ცხრა მატჩი ჩაატარა და მათგან ექვსი წააგო. თავისი ბოლო ტურნირი მან 2013 წელს მოიგო, სულ კი ATP-ის დონეზე 17 ტურნირი აქვს მოგებული.