43 წლის გერმანელი ჩოგბურთელი რაინერ შუტლერი არგენტინაში სერიოზული სკანდალის ცენტრში მოექცა. ავსტრალიის ღიას 2003 წლის გათამაშების ფინალისტი და ATP-ის რვა ტურნირის ჩემპიონი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. ლაპარაკია არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესის პრესტიჟულ რაიონში სამშენებლო სამუშაოებზე.
სქემა შუტლერის მეგობარმა, ინჟინერმა ჰოლგერ ფრიდრიხმა მოიფიქრა, – ამტკიცებს Infobae. ის მართავდა შუტლერის კომპანიას (Rennaisaince Real Estate S.A.) და სწორედ მან მიჰყიდა ბინები თითქმის 30 ოჯახს ჯერ კიდევ დაუსრულებელ შენობებში, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა.
შუტლერმა ამ მაქინაციებისთვის სასამართლოში უჩივლა ფრიდრიხს, რომლის გამოც დაკარგა პროექტში ჩადებული სამი მილიონი დოლარი. ყოფილი ჩოგბურთელის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, რადგან ის ფირმის აქციათა 95 პროცენტის მფლობელია. სწორედ ამ ფირმის სახელით მოქმედებდა მისი ბიზნესპარტნიორი.
შუტლერმა, რომელიც მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი იყო, 2012 წელს დაასრულა კარიერა. ამის შემდეგ, მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი და თანამემამულე ანჟელიკ კერბერს ავარჯიშებდა.