მსოფლიოს თასი 2023 | ილიას ზუროსმა ნაკრების თვრამეტკაციანი შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
მსოფლიოს თასი 2023 | ილიას ზუროსმა ნაკრების თვრამეტკაციანი შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

26 ნოემბერს მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის (FIBA World Cup 2023) საკვალიფიკაციო ტურნირი იწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა პირველი ფანჯრის ორი მატჩისთვის გუნდის შერჩევა დაიწყო. ბერძენმა სპეციალისტმა 18-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც ერთკვირიან მოსამზადებელ პერიოდში ძირითად შემადგენლობას შეარჩევს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 3 დღეში სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 29 ნოემბერს, ანდალუსიის პროვინციულ ქალაქ ხაენში გაიმართება. ესპანეთსა და უკრაინასთან ერთად ჩვენს ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიაცაა, რომელსაც საქართველოს ნაკრები თებერვლის ფანჯრის დროს ორჯერ შეხვდება: 24-ში თბილისში, ხოლო 27-ში – სკოპიეში.

ილიას ზუროსმა ეროვნულ ნაკრებში 3 ახალწვეული გამოიძახა. ესენი არიან 19 წლის დინამოელი ფორვარდი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი და „ცხუმ-აფხაზეთის“ კალათბურთელები – 21 წლის გამთამაშებელი ლუკა მაზიაშვილი და 22 წლის მსუბუქი ფორვარდი ნიკა ჩეჩელაშვილი. სამივე მათგანი გასულ ზაფხულს, თბილისში გამართულ ერთთვიან გენერალურ შეკრებაზე იმყოფებოდნენ, სადაც ჩვენი ნაკრების მწვრთნელები დააინტერესეს და ახლა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსიც ეძლევათ.

ილიას ზუროსმა ნაკრებში ვერ გამოიძახა ეროვნული ნაკრების 2 გამოცდილი მოთამაშე: გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე. ჩატარებული თამაშების მხრივ ნაკრების რეკორდსმენმა, გიორგი ცინცაძემ მუხლზე ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა, ხოლო სანაძეს გადატანილი კორონავირუსის შემდეგ ფორმა არ აღუდგენია.

ჩვენი გუნდი ვარჯიშებს 20 ნოემბრიდან, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყებს. ეროვნული ნაკრების კანდიდატებს საწყისი 2 დღე მთავარი მწვრთნელის ასისტენტები მოამზადებენ, ხოლო 22 ნოემბრიდან ვარჯიშებს ილიას ზუროსი გაუძღვება. ნაკრებში მთლიანობაში გამოძახებულია 6 ლეგიონერი, უმეტესობას კი საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები შეადგენენ. მომავალ მატჩებში ჩვენს ნაკრებს ესპანურ „მურსიაში“ მოთამაშე ამერიკელი კალათბურთელი, თად მაკფადენი დაეხმარება. მთლიანობაში, ნაკრებში ესპანეთში მოთამაშე 4 კალათბურთელი ჩამოვა: მაკფადენი, ბექა ბურჯანაძე, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი შერმადინი. თითო ლეგიონერია რუსეთიდან და საფრანგეთიდან: შესაბამისად, ცსკა-ს წევრი თორნიკე შენგელია და საფრანგეთის MN1 ლიგის კლუბ „ორშიში“ მოასპარეზე გიორგი ტურძილაძე.

რაც შეეხებათ ამერიკის პროფესიულ და სტუდენტურ ლიგებში მოთამაშე ქართველ კალათბურთელებს: ევროპული პრაქტიკა არ ითვალისწინებს ამერიკიდან მიმდინარე ჩემპიონატების განმავლობაში კალათბურთელების თავიანთ ნაკრებებში ჩასვლას. ასეთი რამ არც ერთ ეროვნულ გუნდში არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ნაკრებს ჰყავს ამერიკაში მოთამაშე საკმაოდ ძლიერი კალათბურთელები.

უკრაინასთან მატჩის 12-კაციან შემადგენლობას ილიას ზუროსი მატჩის წინა დღეს, 25 ნოემბერს დაასახელებს. 26 ნოემბრის ღამეს ეროვნული გუნდი გეზს ესპანეთისკენ აიღებს, სადაც 29 ნოემბერს, ქალაქ ხაენში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება.

მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშების ფორმატის შესახებ:

ევროპიდან მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირზე სულ 32 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: სერბეთი, ბელგია, ლატვია, სლოვაკეთი

B ჯგუფი: საბერძნეთი, თურქეთი, ბრიტანეთი, ბელარუსი

C ჯგუფი: სლოვენია, ხორვატია, ფინეთი, შვედეთი

D ჯგუფი: გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, ისრაელი

E ჯგუფი: საფრანგეთი, უნგრეთი, პორტუგალია, მონტენეგრო

F ჯგუფი: ლიეტუვა, ჩეხეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი

G ჯგუფი: ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია

H ჯგუფი: იტალია, რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია

გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფებში შეხვედრები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც, თითოეულიდან 3 საუკეთესო (ჯამში 24 ნაკრები) მეორე ეტაპზე გავა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასული გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდებიან: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.

ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი H ჯგუფის (იტალია, რუსეთი, ისლანდია, ნიდერლანდები) საუკეთესო ტრიოსთან შექმნის ახალ ჯგუფს. მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი მეორე ჯგუფურ ეტაპზეც 6 შეხვედრას ჩაატარებს (2022 წლის შემოდგომიდან 2023 წლის ზაფხულამდე) და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.

gbf.ge