მსოფლიოს პირველი ჩოგანი სინერი ორი დადებითი დოპინგსინჯის შემდეგ დისკვალიფიკაციას გადაურჩა #1TVSPORT
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, იანიკ სინერმა ორჯერ ჩააბარა დადებითი დოპინგტესტი, მაგრამ თავიდან აიცილა დისკვალიფიკაცია.
მარტში, ინდიან უელსის „მასტერსის“ დროს იტალიელი ჩოგბურთელის სინჯში აღმოაჩინეს ანაბოლური სტეროიდის – კლოსტებოლის კვალი. რამდენიმე დღის შემდეგ, განმეორებითმა სინჯმაც დადებითი შედეგი აჩვენა. განცხადებაში, რომელიც სამშაბათს სინერის სახელით გავრცელდა, წერია, რომ აკრძალული პრეპარატი მის ორგანიზმში ფიზიოთერაპევტის მიზეზით მოხვდა.
სპეციალისტი თითზე ჭრილობის დასამუშავებლად იყენებდა საშუალებას, რომელიც შეიცავდა კლოსტებოლს, რის შესახებაც არც ფიზიოთერაპევტმა და არც სინერმა არაფერი იცოდნენ.
ჩოგბურთში პატიოსანი თამაშის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტომ (ITIA) ვერ იპოვნა საბაბი სინერის მიმართ სერიოზული სანქციებისთვის. ერთადერთი სასჯელი გახდა 400 სარეიტინგო ქულის ჩამოკლება, რომელიც იტალიელმა ინდიან უელსის „მასტერსზე“ მოიპოვა.