მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა (ვიდეო)
00:03, 29.06.2018
დასრულდა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი და ყველა მერვედფინალური წყვილიც ცნობილი გახდა.
ქალაქ კალინინგრადის სტადიონზე ერთმანეთს ბელგია და ინგლისი ხვდებოდნენ. ამ გუნდებს, 6-6 ქულით, უკვე განაღდებული ჰქონდათ მერვედფინალში გასვლა და მხოლოდ პირველი-მეორე ადგილები უნდა გაენაწილებინათ ერთმანეთში. ფრე ინგლისს აძლევდა ხელს, ბელგია კი მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ასრულებდა ჯგუფურ ეტაპს პირველ ადგილზე.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეს დასაწყისში კი ბელგიამ ზეწოლა გააძლიერა და 51-ე წუთზე იანუზაიმ ულამაზესი გოლით დალაშქრა მეტოქის კარი – 0-1.
ამის შემდეგ ინგლისმა რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა და მატჩი ბელგიის გამარჯვებით დასრულდა.
პარალელურ მატჩში ერთმანეთს პანამისა და ტუნისის ნაკრებები ხვდებოდნენ. ამ გუნდებს მერვედფინალში გასვლის შანსი უკვე დაკარგული ჰქონდათ და მხოლოდ პრესტიჟისთვის თამაშობდნენ. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ტუნისის გამარჯვებით დასრულდა – 2-1.
ამრიგად, ცნობილი გახდა ყველა მეორვედფინალური წყვილი:
ურუგვაი – პორტუგალია
საფრანგეთი – არგენტინა
ბრაზილია – მექსიკა
ბელგია – იაპონია
ესპანეთი – რუსეთი
ხორვატია – დანია
შვედეთი – შვეიცარია
კოლუმბია – ინგლისი
ხვალ, 29 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატზე პაუზაა და მატჩები 30 ივნისიდან განახლდება.