მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში - გერმანია, დანია, საფრანგეთი და ნორვეგია შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ
გერმანია-დანიაში მიმდინარე მსოფლიოს ვაჟთა ჩემპიონატზე ხელბურთში გუშინ 6 მატჩი გაიმართა. მე-4 ტურის შეხვედრები ითამაშეს A და C ჯგუფში. A ჯგუფში გერმანიის ნაკრები მთელი მატჩის მანძილზე უგებდა საფრანგეთს, თუმცა საბოლოოდ მატჩი ფრედ, 25:25 დასრულდა. 9 ბურთის გატანა შეძლო საფრანგეთის ნაკრებისა და უნგრული „ვესპრემის“ ხელბურთელმა კანტენ მაემ.
გერმანელებთან მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩის შემდეგ, ბრაზილიასთან 23:25 წააგეს რუსებმა. სერბებმა მეორე ტაიმში აჯობეს სამხრეთ კორეას და 31:29 მოიგეს.
საფრანგეთის და გერმანიის ნაკრებებს მომდევნო რაუნდში გასვლა გარანტირებული აქვთ. მესამე ადგილის შანსს რუსეთი, ბრაზილია და სერბეთი ინარჩუნებენ. უკეთეს მდგომარეობაშია ბრაზილია, რომელსაც ბოლო ტურში აუტსაიდერ სამხრეთ კორეასთან მოუწევს თამაში.
C ჯგუფში ზედიზედ მეოთხედ მოიგეს და მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე ქულათა მაქსიმუმით ითამაშებენ დანია და ნორვეგია. დანიელები პირველ ტაიმში 5:8 აგებდნენ ავსტრიასთან, მაგრამ ტაიმი 11:8 მოიგეს, შეხვედრა კი 28:17 დაასრულეს.
ნორვეგიამ ისევ დიდი სხვაობით მოიგო, ამჯერად ჩილესთან – 41:20.
ტუნისმა 24:20 დაამარცხა საუდის არაბეთი და ბოლო ტურში ავსტრიას ხვდება.
სწორედ ამ შეხვედრაში უნდა გაირკვეს მესამე საგზურის ბედი.