მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში - ბრაზილიამ ხორვატიას მოუგო
მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში - ბრაზილიამ ხორვატიას მოუგო

გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ვაჟთა შორის. გუნდები მეორე ჯგუფურ ეტაპზე ნახევარფინალის საგზურისთვის იბრძვიან.

მოულოდნელად სენსაციური შედეგით დასრულდა ხორვატიისა და ბრაზილიის ნაკრები გუნდების მატჩი. სამხრეთ ამერიკელებმა პირველი მარცხი აგემეს მეტოქეს 29:26. ლანგარომ ხორვატებს 9 ბურთი გაუტანა. პირველ ტაიმში ბრაზილია ექვსი ბურთითაც იგებდა, ტაიმი კი 17:13 მოიგო. ხორვატებმა მეორე ნახევრის მიმდინარეობისას მაქსიმუმი რაც შეძლეს სხვაობის მინიმუმამდე შემცირება გახლდათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც წააგეს.

ამავე ჯგუფში საფრანგეთმა მოსალოდნელზე დიდი სხვაობით – 31:22 მოუგო ისლანდიას. დღეს მასპინძელი გერმანია ხორვატიას ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში ამ ჯგუფიდან საფრანგეთთან ერთად გავა. მეორე ჯგუფში 6-6 ქულით დანია და შვედეთი ლიდერობენ. 4 ქულა აქვთ ნორვეგიელებს, რომლებმაც გუშინ 32:28 მოუგეს ეგვიპტეს. დღეს შვედეთი-ნორვეგიის მატჩია და გამარჯვების შემთხვევაში დიდი ალბათობით ნახევარფინალის საგზურს დანიასთან ერთად სწორედ შვედები მოიპოვებენ.

მე-13 ადგილს და პრეზიდენტის თასს დაეუფლა ყატარი, გადამწყვეტ შეხვედრაში მათ 34:28 დაამარცხეს რუსეთის ნაკრები. მე-15 ადგილზე დაასრულა ტურნირი მაკედონიამ. ბოლო მატჩში მათ 32:30 მოუგეს ჩილეს.