მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო იანიკ სინერის დისკვალიფიკაციას ეცდება #1TVSPORT
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) აპირებს მიაღწიოს მსოფლიოს პირველი ჩოგანის, იტალიელი იანიკ სინერის დისკვალიფიკაციას ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო, – წერია ორგანიზაციის პრესრელიზში.
იტყობინებიან, რომ WADA-მ აპელაცია შეიტანა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში სინერის საქმესთან დაკავშირებით. იტალიელმა ჩოგბურთელმა 2024 წლის მარტში აკრძალულ პრეპარატ კლოსტებოლზე ორჯერ ჩააბარა დადებითი ტესტი, მაგრამ ჩოგბურთში პატიოსანი თამაშის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტომ (ITIA) გაამართლა რეიტინგის ლიდერი, რადგან ორგანიზაციის აზრით, „არ არსებობდა სინერის მხრიდან ბრალეულობა ან ზერელე დამოკიდებულება“.
WADA-ს აზრით, ამგვარი დასკვნა არ შეესაბამება წესებს, ამიტომაც ეცდება ჩოგბურთელის დისკვალიფიკაციას ერთიდან ორ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ აკრძალული პრეპარატი კლოსტებოლი შემთხვევით მოხვდა სინერის ორგანიზმში – ფიზიოთერაპევტისგან. ის თავის ხელზე ჭრილობას მკურნალობდა მალამოთი, რომელიც აღნიშნულ ნივთიერებას შეიცავდა. ჩოგბურთელი 400 სარეიტინგო ქულის ჩამორთმევით დაისაჯა.
საბოლოოდ, სინერმა შეწყვიტა თანამშრომლობა მწვრთნელ უმბერტო ფერარასთან და ფიზიოთერაპევტ ჯაკომო ნალდისთან.