„მსოფლიო რაგბის“ ინტერვიუ გრეემ როუნთრისთან
„მსოფლიო რაგბის“ ინტერვიუ გრეემ როუნთრისთან

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ვორლდ რაგბიმ“ (World Rugby) „ბორჯღალოსანთა“ ინგლისელ შერკინების მწვრთნელთან ინტერვიუ ჩაწერა.

47 წლის სპეციალისტს ინგლისის ნაკრებში 54 კეპი აქვს მოხვეჭილი, მონაწილეობა მიიღო ორ მსოფლიო თასზე, „ლესთერ თაიგერსის“ კვართი 398 მატჩში მოირგო, ორჯერ ითამაშა „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ შემადგენლობაში; მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი და 2007-2015 წლებში ინგლისის ნაკრების შერკინებას ავარჯიშებდა; 2016-2018 წლებში პრემიერშიფის „ჰარლექუინზში“ მუშაობდა, ამა წლის სექტემბერში კი, კონტრაქტი საქართველოს რაგბის კავშირთან გააფორმა.

გთავაზობთ როუნთრისთან „მსოფლიო რაგბის“ ინტერვიუს თარგმანს:

„ოთხი მსოფლიო თასის მონაწილეს – ორჯერ როგორც მოთამაშეს და ორჯერ როგორც მწვრთნელს – გრეემ როუნთრის, იდეალური წარმოდგენა აქვს 2019 წლის მსოფლიო თასზე „ბოჯღალოსანთა“ მეტოქეების შესახებ.

იაპონიაში საქართველო D ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებს – რაც ყოფილი ინგლისელი ბურჯისთვის, ფაქტობრივად დეჟავუა, რადგან 2015 წლის მსოფლიო თასზე როუნთრი სწორედ ამ მეტოქეებს დაუპირისპირდა, როგორც ინგლისის მწვრთნელი.

ინტრიგა არ დაკარგულა, ვინაიდან 47 წლის სპეციალისტს ამჯერად ოპტიმისტური განწყობა აქვს. 2015 წელს ინგლისმა ავსტრალიასთან და უელსთან წააგო, ხოლო ფიჯისა და ურუგვაის მოუგო, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა და საკუთარ სამშობლოში მსოფლიო თასს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა.

„რა თქმა უნდა, ეს ჯგუფი ჩემთვის ნაცნობია, რაც თავის მხრივ აღტაცებულ განწყობაზე მაყენებს და მოდით ვთქვათ, ამ შემთხვევაში, როგორც არა ფავორიტი, თავს ბევრად კომფორტულად ვგრძნობ“ – განაცხადა მან.

წარმოუდგენელი დე ენ ემი

წინა მსოფლიო თასზე ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით, საქართველომ წლევანდელ მსოფლიოზე მონაწილეობის უფლება ავტომატურად მიიღო, აქედან გამომდინარე ბორჯღალოსნებს მოსამზადებლად საკმაო დრო ჰქონდათ და როუნთრისთვის ამ პროცესში მონაწილეობა დიდი პატივია.

ქართველებს შერკინება რომ ასწავლო იგივეა, რომ ლეგენდარულ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერს ფორჰენდს უხსნიდე, ან ლეონელ მესის დრიბლინგი ასწავლო, თუმცა როუნთრი დარწმუნებულია, რომ იგი ბორჯღალოსანთა შერკინებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

„ქართული დე ენ ემი წარმოუდგენელი ფენომენია. მაგალითად, შემოდგომის ტესტებზე ჩვენ მონპელიეში ვემზადებოდით და წარმოიდგინეთ, სატრენაჟორო დარბაზში წონები გაუთავდათ – ასეთი რამ მანამდე არ მენახა. ისინი შეუდარებლად ძლიერნი და ამავდროულად, ტექნიკურად ძალიან მაგრები არიან“ – ამბობს როუნთრი დიდი აღტაცებითა და ენთუზიაზმით.

„თუმცა, საერთაშორისო რაგბიში ჩემი დიდი გამოცდილებით ვიცი, რომ მხოლოდ სტატიკით ფონს ვერ გახვალ. შერკინების გარეთაც მაგრები უნდა ვიყოთ. მსოფლიო თასზე ისეთი გუნდები, როგორიც უელსი და ავსტრალია არიან, ბურთს მთელს მოედანზე ათამაშებენ“.

„დღევანდელ რაგბიში უნდა ითამაშო! და ამის გარდა არსენალში ისეთი ძალა უნდა გქონდეს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებ, რათა მეტოქეებს ახალი გამოწვევა დაუპირისპირო და გამოთანგო“.

„ახლა მორკინალი ბევრ სხვადასხვა დონეზეც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო! უნდა გაითავისო, რომ სტატიკის იქითაც არსებობს სხვა როლები, რომლებიც უნდა შეისისხლხორცო და პატივი სცე – ისეთი დეტალები, როგორებიცაა კონტაქტის შემდეგ ეგრევე ფეხზე წამოდგომა და საქმეში ჩართვა. ეს ისეთი დეტალებია, რომელთა ზედმიწევნით კარგად შესრულება, უმაღლეს დონეზე იმ საჭირო სხვაობას გაძლევს“.

რთული დავალება

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის კამპანიას ამ უქმეებზე, ტურნირში ყველაზე რთული მეტოქის, რუმინეთის წინააღმდეგ გასვლაზე თამაშით იწყებს. თუმცა ამ დონეზე წლების განმავლობაში დომინირების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ზომა-წონას პირველი დონის გუნდების წინააღმდეგ თამაშით ზომავენ. აქედან გამომდინარე, შემოდგომაზე იტალიასთან ფლორენციაში 17:28 წაგება მათთვის საკმაო იმედგაცრუება იყო.

„იტალიაში ცუდად არ გვითამაშია, უბრალოდ კამპანიის პირველი მატჩი იყო და განსხვავებული კომბინაციებით ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, ეს სერიის ბოლო თამაში რომ ყოფილიყო და არა პირველი. თამაშისას ადვილად ვთმობდით ბურთს და შესაბამისად, მეტოქეს ფლობა მეტი ჰქონდა. ამით ჩვენ დიდი გაკვეთილი მივიღეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ“.

რაგბი ევროპის ფინალურ ტურში ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის კიდევ ერთ მონაწილეს, რუსეთს გასვლაზე ეთამაშებიან, შუა მარტში, რითაც მათთვის მსოფლიო თასამდე ექვსთვიანი ათვლა დაიწყება.

„მსოფლიო თასისთვის მომზადების პროცესში საკმაოდ წინ წავიწიეთ და საკმაოდ ბევრ საქმეს ვაკეთებთ. რაგბი ევროპა რომ დასრულდება, შესაძლოა, აპრილ-მაისში შევიკრიბოთ. ამის შემდეგ უშუალოდ წინა-სამსოფლიო შეკრება გვექნება და იაპონიაში გამგზავრებამდე გასახურებელ მატჩებს ვითამაშებთ რუსეთის [თბილისში] და შოტლანდიის წინააღმდეგ [თბილისში და ედინბურგში]“ – გეგმების შესახებ საუბრობს როუნთრი.

ხოლო მსოფლიოზე „ბორჯღალოსნები“ და მათი ახალი შერკინების მწვრთნელი განწყობილნი არიან, რომ თვაიანთი სათქმელი თქვან.

„საქართველოს ნაკრების შერკინების მწვრთნელის კონტრაქტს ხელი რომ მოვაწერე, ცალი თვალით მსოფლიო თასისკენ ვიყურებოდი“ – აღიარა მან.

„წინა მსოფლიო თასზე მიღწეულის გათვალისწინებით, ალბათ ბუნებრივია, რომ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება ნამდვილად პროგრამა მინიმუმია“.

წინსვლა

როუნთრისთვის, რომელსაც ცოტა დააკლდა, რომ 2003 წლის მსოფლიო თასისთვის, ჯერ-ჯერობით ყველაზე წარმატებულ ინგლისის ნაკრებში მოხვედრილიყო, წლევანდელი ტურნირი შესაძლოა ყველაზე სასიამოვნო იყოს.

ინგლისის ნაკრების წინა მსოფლიო თასზე ცუდი თამაშისა და შედეგად, სამწვრთნელო შტაბის დათხოვნის შესახებ საუბრისას, როუნთრი შემდეგს აღნიშნავს: „მხოლოდ იმის თქმა, რომ ამის გამო გვარიანად გაგვაკრიტიკეს, არაფრის თქმა იქნებოდა. ძალიან რთული იყო, მაგრამ რას იზამ, ეს სპორტია, ეს ბიზნესია – მათ ცვლილებები სურდათ, რაც მე აბსოლუტურად მესმის. ასეთი შემთხვევის შემდეგ უნდა ისწავლო და წინსვლა განაგრძო“.

ინგლისის შემდეგ, ვიდრე როუნთრი საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში საქმიანობას შეუდგებოდა, მან ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებისა და ინგლისური პრემიერშიპის კლუბ „ჰარლექუინზის“ შერკინების მწვრთნელად იმუშავა.

მას მიაჩნია, რომ თავისი ადგილი იპოვა: „მე მიყვარს ეს თამაში და გასაცემად ზღვა ენერგია მაქვს. საქართველოს ნაკრების შერკინების მწვრთნელობა ჩემთვის ფაქტიურად ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს. მოთამაშეებს საქმის მიმართ საუცხოო პროფესინალური მიდგომა აქვთ და მიმაჩნია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე ბევრს გავაკვირვებთ“.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი