მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს - საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გაიმართება.
უმცროსი ბორჯღალოსნები C ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ. A ჯგუფში – მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და იაპონია, ხოლო B ჯგუფში ავსტრალია, ინგლისი, ირლანდია და ფიჯი მოხვდნენ.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 24, 29 ივნისსა და 4 ივლისს გაიმართება, ნახევარფინალები – 9 ივლისს, ფინალები კი 14 ივლისს შედგება.
ჯგუფის გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი ნახევარფინალში გადის, ორი მეორეადგილოსანი და ორი უკეთესი მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ, ხოლო უარესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი და სამი მეოთხეადგილოსანი მე-9-მე-12 ადგილებისთვის იბრძოლებენ. მე-12 ადგილზე გასული გუნდი 2024 წელს „ალაფაზე“ დაქვეითდება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატსაც სამხრეთ აფრიკა მასპინძლობს.
„სამხრეთ აფრიკა ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მოხარულნი ვართ, რომ იქ მორიგ ჯერზე ჩასვლის შესაძლებლობა გვექნება. ვიმედოვნებთ, რომ სამხრეთ აფრიკას 2024 წელსაც ვეწვევით. საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი სარაგბო ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალგაზრდები რეგულარულად თამაშობდნენ უმაღლესი დონის ტურნირებში. ამის დასტური ეროვნული ნაკრებია, რომელიც მუდამ ივსება მაღალი დონის მოთამაშეებით, რომლებმაც დიდ რაგბში პირველი ნაბიჯები 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე გადადგეს“, – აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, „უმცროსი ბორჯღალოსნები“ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში 2015 წელს აღზევდნენ და უძლიერესთა შორის ადგილი ზედიზედ 4-ჯერ შეინარჩუნეს, მანამდე ეს „ალაფიდან“ დაწინაურებულმა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. 2020-22 წლებში ტურნირი პანდემიის გამო გაუქმდა და 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბრუნდება.