მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩში იტალიას შეხვდება - მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე მატჩს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 9 ივლისს სტელენბოშში, „დენი ქრავენ სთედიუმზე“ იტალიის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშის შემდეგ გაირკვევა, რომელი ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას ლადო კილასონიას შეგირდები.
საქართველომ პირველი შეხვედრა ავსტრალიასთან 11:35 დათმო, მეორე ტურში კი ირლანდიასთან დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთზე მიღებული ლელოთი, 16:22 დამარცხდა. იტალიამ პირველ ტურში ირლანდიასთან 15:55 წააგო, მეორე ტურში კი ავსტრალიას 17:12 მოუგო.
ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის წინ B ჯგუფს ცხრა ქულით ირლანდია ლიდერობს, ექვსი ქულით მეორე ადგილზე ავსტრალიაა; იტალიას ოთხი ქულა აქვს, საქართველოს კი – ერთი და თუ იტალიის დამარცხებას მოახერხებს, მესამე საფეხურზე დაწინაურდება.
სხვა ჯგუფებში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მე-5-მე-8 ადგილის ნახევარფინალში გასასვლელად იტალია ბონუსქულით უნდა დაამარცხონ და სხვა თამაშების შედეგებს დაელოდნონ, სხვა შემთხვევაში მე-9-მე-12 ადგილებისთვის მოუწევთ ბრძოლის გაგრძელება.
იტალიასთან შეხვედრისთვის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც, ირლანდიასთან მატჩისგან განსხვავებით, ორი ცვლილებაა – ერთი უკანა ხაზში და ერთიც – შერკინებაში.
მარქაფიდან ლუკა თაყაიშვილი დაწინაურდა და ის ფულბეკის პოზიციაზე ითამაშებს, შერკინების მესამე ხაზში კი ლუკა სულუაშვილს თორნიკე ღანიაშვილი შეცვლის.
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ოთარ მეტრეველი (აია), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);
შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. შოთა ხელაძე (ლელო); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 23. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები).