„მსოფლიო რაგბი“ ზაფხულის ტესტ-მატჩების გადადებას გეგმავს
„მსოფლიო რაგბი“ ზაფხულის ტესტ-მატჩების გადადებას გეგმავს

რაგბიში ტრადიციული ზაფხულის ტესტ-მატჩების საკითხზე მსოფლიო რაგბის ორგანიზიაცია გადაწყვეტილებას აპრილის ბოლოს მიიღებს. ამის შესახებ აღნიშნული ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტმა აუგუსტინ პიშომ განაცხადა. ქართული რაგბის გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელოდება და ჯერჯერობით უცნობია, ჩატარდება თუ არა ისტორიული შეხვედრა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და სამხრეთ აფრიკას შორის, რომელიც ივლისშია დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის გამო მსოფლიო რაგბიმ, ასევე ევროპული რაგბის მმართველმა ორგანომ, ყველა ტურნირი შეაჩერეს, რამდენიმე შეჯიბრი კი საერთოდ გაუქმდა. ერთ-ერთი ასეთი ზაფხულში იტალიაში გასამართი 20-წლამდელთა მსოფლიოს თასია, რომელიც წელს არ ჩატარდება.

„ივლისის ტესტ-მატჩებს ჩვენ თითქმის ყოველდღიურად განვიხილავთ. ველოდებით, როგორ განვითარდება მსოფლიოში მოვლენები. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება უახლოეს მომავალში. ამ მომენტისთვის ყველა ტურნირი გაჩერებულია და ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ადამიანების ჯანმრთელობა“, – განაცხადა აუგუსტინ პიშომ.

ზაფხულის ტესტ-მატჩები 21 ივნისს ინგლისისა და „ბარბაროსების“ შეხვედრით უნდა გაიხსნას, ბოლო მატჩი კი 18 ივლისს არგენტინასა და იტალიას შორის არის დაგეგმილი.

რაც შეეხება საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, ბორჯღალოსნებს 2020 წლის ივლისში სამი ტესტ-მატჩი აქვთ ჩანიშული. 3 ივლისს სამხრეთ აფრიკის „ბლუ ბლუზთან“, 11 ივლისს სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრებთან და 18 ივლისს იმავე სამხრეთ აფრიკის მთავარ გუნდთან.