„მსოფლიო რაგბიმ“ განვითარებადი სარაგბო ქვეყნებისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო.
პროექტის კონცეპტი ლონდონში წარადგინეს. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ იმ ქვეყნების ადგილობრივი კავშირების პრეზიდენტები, რომლებიც მსოფლიო რეიტინგში მერვედან მეოცე ადგილამდე იკავებენ და სამხრეთ აფრიკის, ამერიკის, ევროპის და აზიის რეგიონალური ასოციაციების წარმომადგენლები.
„სხდომის შედეგად, შევარჩიეთ შეჯიბრების ისეთი სტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო კალენდარში დატოვებს ადგილს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ტესტ მატჩებისთვის. რა თქმა უნდა, აღნიშნულ პროექტს სჭირდება დამუშავება, მაგრამ უკვე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ გაჩნდება ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ნოემბერში და ივლისში გაიმართება. ტრადიციული რეგიონალური ტურნირები, მათ შორის – ევროპის ჩემპიონატი, შეითავსებს ახალი ტურნირის ჯგუფური ეტაპის ფუნქციას. იმისთვის, რომ იაპონიასთან, ან სამოასთან ითამაშო, „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ პირველი, ან მეორე ადგილი უნდა აიღო“, – განაცხადა კირილ კულიემინმა, რომელიც რუსეთის რაგბის ფედერაციის საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელია.
შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა ყურადღება ადგილობრივ ორგანიზაციების პირველად მიზანზე – მოქმედი ნაკრების მუდმივი რეზერვის შექმნაზე გაამახვილეს, რომელიც საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილებას რეგულარულად მიიღებს.
„მსოფლიო რაგბიმ“ გამოთქვა ადგილობრივი კავშირებისთვის მხარდაჭერის მზაობა, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსის კუთხით.