მსოფლიო პირველობის წილისყრაზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გამოვლინდნენ #1TVSPORT
აბუ დაბიში 19 მაისს სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. დღეს შეჯიბრების წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი სპორტსმენების მეტოქეები გამოვლინდნენ. ტურნირზე ინდივიდუალური ასპარეზობები ხვალ, 19 მაისს დაიწყება და 23 მაისს დასრულდება. შეჯიბრებაზე 12 ქართველი ძიუდოისტი (9 კაცი, 3 ქალი) იასპარეზებს.
60 კგ-ში გიორგი სარადალაშვილი მეორე წრეში ჩრდილოკორეელ კვანგ ჯინ ჩაესა და მექსიკელ არატ ხუარესს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
66 კგ-ში ტურნირში ასევე მეორე ეტაპიდან ჩაერთვება ვაჟა მარგველაშვილიც, რომელიც ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს მურად ჩოპანოვს ან არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით გამომსვლელ ნარმანდახ ბაიანმუნხს დაუპირისპირდება.
73 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ორი ძიუდოისტი ეყოლება. გიორგი ტერაშვილი ფრანგ ჟან-ბენჟამინ გაბას შეხვდება, ლაშა შავდათუაშვილი კი მონღოლი ანხზაია ლავაჯარგალისა და ჯიბუტელი ადენ-ალექსანდრე ჰუსეინის შორის გამარჯვებულთან იჭიდავებს.
81 კგ-შიც ორი სპორტსმენით ვიასპარეზებთ. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი მეორე წრეში გერმანელ ტიმო კაველიუსსა და ისრაელის ნაკრების წევრ საგი მუკის შორის გამარჯვებულს შეხვდება, დიმიტრი გოჩილაიძე კი პირველ ეტაპზე მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს დაუპირისპირდება.
90 კგ-ში ახალგაზრდა გიორგი ჯაბნიაშვილი პირველ წრეში არგენტინელ მარიანო კოტო ბერსიერს შეხვდება.
+100კგ-ში გურამ თუშიშვილი ან ინდონეზიელ დარმა ვარდანთან, ან ალჟირელ მოჰამედ ლილისთან იჭიდავებს. ამ წონით კატეგორიაში გამომსველი მეორე ქართველი საბა ინანეიშვილი კი მონტენეგროელ ანტო დუბრეტას დაუპირისპირდება.
ქალთა შეჯიბრებაში ნინო ლოლაძე (57 კგ) არგენტინელ ბრისა გომესს დაუპირისპირდება, ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) ფილიპინელ კიიომი ვატანაბეს შეხვდება, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) კი ბოსნია-ჰერცეგოვინელ ლარისა სერიჩთან იჭიდავებს.
ხვალ, 19 მაისს მედლები კაცთა 60 და ქალთა 48 და 52 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.