მსოფლიო პირველობაზე ფინალში იაპონელი ტაკატო მონღოლ ენკტაივანთან იჭიდავებს, ჩხვიმიანი ტურნირს პირველ შეხვედრაში გამოეთიშა #1TVSPORT
ტაშკენტში დღეს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ჩვენი ნაკრები უზბეკეთის დედაქალაქში უძლიერესი შემადგენლობით არის ჩასული. პლანეტის პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი, შეჯიბრის მეორე ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს შეხვდა და დამატებით დროში იპონით დამარცხდა. ქართველი მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და ტურნირს დამსახურებულად დაემშვიდობა.
დღეს 60კგ-ში, ფინალურ ბლოკში იაპონელი ნაოშისა ტაკატო ოქროს მედლისთვის მონღოლ არიუნბოლდ ენკტაივანთან იჭიდავებს. მსოფლიო პირველობაზე მამაკაცების გარდა ქალებში 48კგ-ში გათამაშდება მედლები.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის:
კაცები: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ).
ტურნირის განრიგი:
7 ოქტომბერი: -52კგ, -66კგ
8 ოქტომბერი: -57კგ, -73კგ
9 ოქტომბერი: -63კგ, -81კგ
10 ოქტომბერი: -70კგ, -90კგ
11 ოქტომბერი: -78კგ, -100კგ
12 ოქტომბერი: +78კგ, +100კგ
13 ოქტომბერი: გუნდური ჩემპიონატი.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მსოფლიოს პირველობა ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო. ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანსა და ილია სულამანიძეს ბრინჯაოს მედლები ერგოთ.