მსოფლიო ჩემპიონმა შეცდომა აღიარა - თავიდან ვერ მივხვდი, რომ „ნაპოლიმ“ ფენომენი დაიმატა, კვარაცხელია ძალიან ძლიერია #1TVSPORT
იტალიური ფეხბურთის ორმა ლეგენდამ, ეროვნული ნაკრების ყოფილმა ლიდერებმა, ფაბრიციო რავანელიმ და ფრანჩესკო (ჩიჩო) გრაციანიმ „ნაპოლიზე“ ისაუბრეს და ორივემ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.
იტალიის ყოფილმა თავდამსხმელმა, ფაბრიციო რავანელმა ეს კომენტარი Il Mattino-სთან გააკეთა.
„ძალიან მომწონს ოსიმენის ათლეტიზმი და თავდაჯერებულობა – ის არასოდეს თმობს ბურთს. ვფიქრობ, რომ ის ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად. მასთან და კვარასთან ერთად სამეული რომ გვქონოდა, ძალიან გავერთობდი და ბევრ გოლსაც გავიტანდი“, – ამბობს რავანელი.
იტალიის ნაკრებში 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ფრანჩესკო გრაციანიმ აღიარა, რომ თავიდან ვერ მიხვდა, „ნაპოლი“ რა დონის კლუბად ჩამოყალიბდა და კვარაცხელია რამხელა ტალანტი იყო.
„ჩანდა, რომ „ნაპოლი“ კარგი გუნდი იყო, მაგრამ არა ფენომენალური. ახლა ვფიქრობ, დიდი შეცდომა დავუშვი. ყველა აქებს ხვიჩა კვარაცხელიას. მეორე მხრივ, მიმდინარე სეზონში ქართველი თავდამსხმელის ნიჭი ვინმემ ვერ ამოიცნო? მაგრამ ზაფხულში მასზე ფსონს ყველა არ დადებდა, უფრო – პირიქით. კრიშტიანო ჯუნტოლიმ ის მხოლოდ 10 მილიონ ევროდ იყიდა და, იდეაში, მას უნდა შეეცვალა ნეაპოლელთა კაპიტანი, ლორენცო ინსინიე.
დიმაროში ვიყავი და ჯუნტოლიმ „ნაპოლის“ ვარჯიშზე დამპატიჟა, რომლის დასრულების შემდეგ მკითხა, რას ვფიქრობდი კვარაცხელიაზე. ვუთხარი, რომ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ უნდა გვენახა, იტალიის ჩემპიონატს როგორ მოერგებოდა. როგორც ჩანს, თავიდან ვერ დავინახე და ვერ მივხვდი, რომ „ნაპოლიმ“ ფენომენი დაიმატა. კვარა ძალიან ძლიერია“, – განაცხადა გრაციანიმ რადიო Goal-ში.