მსოფლიო ჩემპიონატზე ირანელი ფეხბურთელები ეროვნულ ჰიმნზე გაჩუმდნენ - გულშემატკივრებმა პროტესტის ფონზე მათ მხარი დაუჭირეს [ვიდეო] #1TVSPORT

უჩვეულო მომენტი იხილა მსოფლიომ მუნდიალზე ირანისა და ინგლისის მატჩის წინ. ირანის ნაკრების ფეხბურთელებმა საკუთარი ქვეყნის ჰიმნი არ იმღერეს.

ამ დროს ირანის ნაკრების გულშემატკივრებს ბანერები ეჭირათ და მოთამაშეებს ტაში დაუკრეს. ეს იყო გაგრძელება იმ მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა, რომელიც ირანში დაიწყო და ფეხბურთელების დუმილი და ირანელი გულშემატკივრების ტაში სწორედ ამის გამოძახილი გახდა.

ირანელ ფეხბურთელებს არ უმღერიათ ეროვნული ჰიმნი ინგლისთან მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩის წინ. გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივრებმა აღმართეს ბანერები იმ მასშტაბური საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად, რომლებმაც ბოლო თვეებში ქვეყანა მოიცვა .

საპროტესტო აქციები და სამოქალაქო არეულობა ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა – ის დააკავა საპატრულო პოლიციის სპეცდანიშნულების განყოფილებამ, რომელიც პასუხისმგებელია ირანის მოქალაქეებისა და უცხოელების მიერ საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, პარკები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ.) შარიათის შესაბამისი ჩაცმულობის წესების დაცვაზე.

მაჰსა ირანის სამთავრობო პოლიციამ ჰიჯაბის ტარებისთვის დააკავა, რომელიც არ შეესაბამებოდა ისლამურ ნორმებს. პოლიციამ განაცხადა, რომ გოგონა მართლაც დააკავეს, შემდეგ, ისლამური რესპუბლიკის სამართალდამცავი ძალების ცნობით, მას მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა, ორი დღე კომაში იყო და შემდეგ გარდაიცვალა.

თუმცა, ამინის ახლობლები ამბობენ, რომ მას გულის პრობლემები არასდროს ჰქონია. თვითმხილველები, მათ შორის ქალები, რომლებიც ამინისთან ერთად იყვნენ დაკავებულები, აცხადებენ, რომ სიკვდილამდე იგი სასტიკად სცემეს. ირანის ხელისუფლება უარყოფდა პატრულის მონაწილეობას მის სიკვდილში და სათვალთვალო კამერების ჩანაწერი გაავრცელა.

ამინის გარდაცვალების გარემოებების გამოვლენამ გამოიწვია მასშტაბური საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელმაც მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება.

ზოგიერთმა ირანელმა მოთამაშემ მხარი დაუჭირა საპროტესტო მოძრაობას, რომელმაც ირანი მოიცვა. განსაკუთრებით ლევერკუზენის „ბაიერის“ ფორვარდი სარდარ აზმუნი აქტიურობდა.