მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს თუშიშვილი და სომხიშვილი იჭიდავებენ #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე პირადი ასპარეზობების ბოლო დღეს, მედლების მოსაპოვებლად მძიმეწონოსნები გურამ თუშიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78) იჭიდავებენ.
თუშიშვილი ტურნირზე პირველ წრეს გამოტოვებს. მეორე წრეში გურამი რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუსა და სლოვენიელი ვიტო დრაგიჩის შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება.
დღეს მსოფლიო პირველობაზე გამომსვლელი მეორე ძიუდოისტი, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) პირველივე შეხვედრაში ოლიმპიურ (2012) და მსოფლიოს ორგზის (2013, 2014) ჩემპიონ კუბელ იდალის ორტიზს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ექვსი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (ორივე 90 კგ) დაიკავეს.