მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი | საქართველოს ნაკრები ბულგარეთს შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები:
ვილი სანიოლის გუნდმა E ჯგუფში გამოსვლა თურქეთთან 2:3 მარცხით დაიწყო, ბულგარელები კი სოფიაში ესპანეთთან 0:3 დამარცხდნენ. შესაბამისად, პირველ ტურში წაგების შემდეგ ორივე გუნდი სასურველი შედეგისთვის იბრძოლებს.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. თუმცა „ჯვაროსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს გასულან და ახლა კიდევ ერთი ისტორიის დაწერას ცდილობენ.
საქართველოს ნაკრებს სამი საკვანძო მოთამაშე აკლია – ლაშა დვალი, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. მიუხედავად თურქეთთან მარცხისა, ვილი სანიოლი ფიქრობს, რომ 3-5-2 სათამაშო სქემა მოძველდა და ოთხმცველიანი ტაქტიკური სქემა უკეთესია.
ბულგარეთის ნაკრები:
ბულგარეთმა E ჯგუფში პირველი მატჩი ესპანეთთან 0:3 წააგო – ეს მათთვის დიდი იმედგაცრუება იყო. ბულგარეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე შვიდჯერ მიაღწია, საუკეთესო შედეგი კი 1994 წელს დაფიქსირდა, როდესაც მეოთხე ადგილზე გავიდა.
ბოლო წარმატება მათ 1998 წელს ჰქონდათ, ხოლო ევრო 2004-ის შემდეგ მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალურ ეტაპზე არ უთამაშიათ. ბულგარეთის მიზანიც ჩვენსას ჰგავს – ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილისთვის ბრძოლა, ამიტომ თბილისური დაპირისპირება მათთვისაც გადამწყვეტია.
ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი ილიან ილიევი, დიდი ალბათობით, ესპანეთის წინააღმდეგ გამოყენებულ სასტარტო შემადგენლობას შეცვლის. ბულგარული მედიის ვარაუდით, ის მარინ პეტკოვსა და როსენ ბოჟინოვს პირველივე წუთებიდან ათამაშებს. ეს ფეხბურთელები ესპანეთთან მატჩს სათადარიგოთა სკამიდან იწყებდნენ.
კირილ დესპოდოვმა, რომელიც გუნდის საუკეთესო ბომბარდირია 15 გოლით, ესპანეთის წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ბულგარული მედიის ცნობით, ის მოედანზე გასვლას ვერც თბილისში შეძლებს.
ურთიერთშეხვედრები:
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებს ისტორიაში რვაჯერ უთამაშიათ. საქართველომ ორჯერ გაიმარჯვა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ოთხჯერ გამარჯვება ბულგარეთის ნაკრებს დარჩა.
ჩვენმა გუნდმა ყველაზე დიდი გამარჯვება ბულგარეთის ნაკრებთან 1995 წელს, ევრო 1996-ის შესარჩევ ეტაპზე მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გასული ნაკრები ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში 2:1 დაამარცხეს, გოლები შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს.
მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრების გამარჯვება ბულგარეთთან 2022 წელს ერთა ლიგის C დივიზიონში. რაზგრადში გამართული მატჩი ქართველმა ფეხბურთელებმა 5:2 მოიგეს. აღნიშნულ ჯგუფში წარმატებით თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები პლეი ოფში გავიდა და, საბოლოოდ, ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის მსაჯი:
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის შეხვედრას შვედი გლენ ნიუბერგი განსჯის. მისი ყველა თანაშემწეც შვედია. გვერდითი მსაჯები მაჰბოდ ბეიგი და დანიელ იუნგი იქნებიან, მეოთხე მსაჯი ადამ ლადებაეკია. რადგან შვედეთის ჩემპიონატში ვიდეორეფერის სისტემა (VAR) არ გამოიყენება, უეფა-მ ამ ფუნქციის შესასრულებლად ნიდერლანდელი სპეციალისტები გამოგზავნა. VAR-ზე პასუხისმგებელი პოლ ვან ბოკელია, მისი თანაშემწე კი – ერვინ ბლანკი.