ვილი სანიოლი - თურქეთთან წაგება ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო და არა ოთხმცველიანი სქემის #1TVSPORT
ვილი სანიოლი - თურქეთთან წაგება ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო და არა ოთხმცველიანი სქემის #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას 7 სექტემბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი „დინამო არენაზე“ ბულგარეთს დაუპირისპირდება.

„ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდში არსებულ ვითარებასა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„როგორ ახსნეს ჩემთვის წითელი ბარათის ჩვენება? აქამდე ვერ გავიგე, რა მიზეზით დავიმსახურე გაძევება. თამაშის დროს მეოთხე მსაჯისთვის კითხვების დასმა გიწევს, პასუხად კი ისმის – დამშვიდდი. სამწუხაროდ, ასეთ დროს ღიზიანდები და ალბათ ეს იყო მიზეზი. თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გავიგე, რატომ გამაძევეს.

თურქეთთან შეხვედრაში მეხუთე ცვლილების გამოყენება საჭიროდ არ ჩავთვალე, მოედანზე შესულებმა შეძლეს თამაშის შემოტრიალება, მატჩის ბოლოს მეორე გოლის გატანაც მოვახერხეთ და ანგარიშის გათანაბრებაც შეგვეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა.

რატომ შევცვალე თურქეთთან ხუთმცველიანი სქემა? ამ სისტემით მარტიდან ვთამაშობთ. სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია სქემის შეცვლა. უკრაინასთან და ალბანეთთან ვნახეთ, რომ ხუთმცველიანი სისტემა კარგად აღარ მუშაობდა. ოთხმცველიან სისტემასთან ადაპტაციის პრობლემები ნამდვილად იყო, მაგრამ ცვლილება და მასზე გადაწყობა სწორედ ახლა იყო საჭირო. ამან მარტში იმუშავა და ახლაც. მიმაჩნია, რომ თურქეთთან წაგება ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო და არა სათამაშო სქემის.

ბულგარეთთან გარკვეული ცვლილებები ნამდვილად იქნება, რადგან სხვა სტილის გუნდია, თუმცა რადიკალურად არაფერი შეიცვლება. გათვლა იქნება იმაზე, რომ წარმატებით ვითამაშოთ. სამწუხაროდ, გაძევების გამო ტრიბუნაზე ვიქნები და გუნდთან პირდაპირ კომუნიკაციას ვერ შევძლებ.

ბულგარეთის ნაკრებს სამი წლის წინ შევხვდით და ორივე შეხვედრა საკმაოდ წარმატებული გამოგვივიდა. მას შემდეგ ბულგარეთის ნაკრებში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა და მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი ხვალინდელ თამაშში ჩვენთვის სერიოზული გამოწვევაა.

რომელ ფეხბურთელს გამოვარჩევდი? ბოლო თამაშებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ მთავარი საფრთხე არა კონკრეტული მოთამაშისგან, არამედ მთლიანად გუნდისგან მოდის. ისინი კარგ პრესინგს თამაშობენ და მათ წინააღმდეგ დაბალანსებული მოქმედება გვჭირდება“, – განაცხადა სანიოლმა.

საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი 7 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 17:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.