ილიან ილიევი – საქართველოს ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი გუნდია #1TVSPORT
ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიან ილიევმა საქართველოს ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრამდე „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„ესპანეთთან ძალიან მძიმე თამაში გვქონდა, მაგრამ ამ მატჩის შემდეგ ტრავმირებულები არ გვყავს. ტრავმა ალექს კოლევს აწუხებს, თუმცა მის მდგომარეობას ხვალ შევაფასებთ. არ იქნება კირილ დესპოდოვი, რომელიც მანამდე დაშავდა.
მოგეხსენებათ, შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი ჩვენ ესპანეთთან წავაგეთ, საქართველო კი თურქეთთან დამარცხდა. აქედან გამომდინარე, ხვალინდელი შეხვედრის შედეგი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
არის თუ არა საქართველოს ნაკრებთან მატჩი ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტი? ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ ოთხი თამაში გველის და ჯერ არაფერი დასრულებულა. ესპანეთი აშკარად გამორჩეულია, ყველა დანარჩენთან ბრძოლა შეიძლება. გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მე არ მინდა, რომ ჩემმა გუნდმა ზეწოლის ქვეშ ითამაშოს. მთავარია, ფეხბურთელებში ერთსულოვნება და გუნდური სულისკვეთება იყოს.
დაველოდებით ვარჯიშს და ხვალ დილით მოთამაშეების მდგომარეობას შევაფასებთ, შემდეგ კი გადაწყვეტილებას მივიღებთ, ვინ ითამაშებს. თუმცა, სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება.
პირველ ტურში წაგებამ მოტივაციის შემცირება ხომ არ გამოიწვია? არა მგონია, რადგან ასეთ ძლიერ გუნდთან თამაშით ახალგაზრდა ფეხბურთელები დიდ გამოცდილებას იღებენ. ამავე დროს, შედეგის მიუხედავად, ძლიერ გუნდებთან მატჩები გუნდისა და თითოეული ფეხბურთელის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია.
წილისყრის შემდეგ აღვნიშნე, რომ საქართველოს ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი გუნდია, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ბევრი გოლი გააქვს. ამიტომ ხვალ რთული თამაში გველის. არ ვფიქრობ, რომ ვილი სანიოლის არყოფნამ თქვენს გუნდზე დიდი გავლენა მოახდინოს“, – განაცხადა ილიევმა.
საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი 7 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 17:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.