მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ - ბრაზილიელები ნეიმარს არწმუნებენ, რომ სანაკრებო კარიერა არ დაასრულოს #1TVSPORT
პოპულარული ინტერნეტგამოცემა Goal.com-ის ცნობით, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები ნეიმარს არწმუნებენ, რომ ნაკრებში თამაში განაგრძოს.
ხორვატიასთან მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში პენალტების სერიაში წაგების შემდეგ ნეიმარმა ეროვნულ ნაკრებში საკუთარ მომავალზე დასმულ კითხვებს ორაზროვანი პასუხი გასცა.
არაერთმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, მათ შორის ვინისიუს ჟუნიორმა, როდრიგომ, რიშარლისონმა, რაფინიამ, ლუკას პაკეტამ და ანტონიმ სცადეს, დაერწმუნებინათ პსჟ-ის ფეხბურთელი, რომ საერთაშორისო კარიერა არ დაესრულებინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე მარცხის შემდეგ ნეიმარს სურს, რომ „სელესაოში“ თამაშისგან დროებითი პაუზა აიღოს, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულებას არ აპირებს.
კატარში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიელები ნახევარფინალთან ახლოს იყვნენ – ხორვატიასთან მატჩის დამატებით დროში ნეიმარმა ანგარიში გახსნა, მაგრამ ბალკანელებმა, ბრუნო პეტკოვიჩის გოლის წყალობით, მარცხი თავიდან აიცილეს და საბოლოოდ შეხვედრა პენალტების სერიაში მოიგეს.