მსოფლიო ჩემპიონატი | მეხუთედ სლოვენიასთან, პირველად დონჩიჩთან - საქართველოს ნაკრების მეტოქე [ვიდეო] #1TVSPORT
19:00, 01.05.2023
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 26 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატზე თავის ისტორიულ, სადებიუტო შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე აფრიკული გუნდი კაბო ვერდე იქნება. 28 აგვისტოს ილიას ზუროსის კრებული ლუკა დონჩიჩის სლოვენიას დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში – ვენესუელას.
ამ სამი გუნდის შესახებ უკვე არაერთი შეკითხვა ისმის. გადავხედოთ შემადგენლობებს, წინაისტორიას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ. ჯგუფში პირველ ნომრად სლოვენიაა განთესილი. ჩვენც სლოვენიით დავიწყოთ.
მხოლოდ ხუთი ტოპკალათბურთელი არ გახლავთ სლოვენიის ნაკრების მთავარი პლუსი – ამ გუნდში ძირითადი ბირთვი 2015 წლიდან თამაშობს და „მწვანეების“ მთავარი უპირატესობა შეთამაშებაა.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2017-ში იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით სლოვენიელები ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
საქართველო სლოვენიელების თვალით
„ჩვენს მეტოქეებზე ნაკლებად ვფიქრობთ, მთავარია, სლოვენია იყოს კარგად მომზადებული და მსოფლიო ჩემპიონატს ყველა კალათბურთელი ჯანმრთელად შეხვდეს“, – აღნიშნავს ცენტრი ედო მურიჩი.
„საქართველოს ნაკრებთან ოთხჯერ ვითამაშეთ და ოთხივეჯერ გავიმარჯვეთ. ამ გუნდში გამოცდილი წინახაზელები და ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. რთული მეტოქეა“.
სლოვენია ქართველების თვალით
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრები თავის პირველ სამ ევრობასკეტზე ჯგუფში სამჯერ შეხვდა სლოვენიას. ანგარიშებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ სხვაობა დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ სლოვენიელებმა დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს. ამხანაგურ მატჩს თუ არ ჩავთვლით, „ჯვაროსნებს“ „მწვანე დრაკონების“ დამარცხება სამივეჯერ შეეძლოთ.
მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ეს კიდევ უფრო რთული იქნება, რადგან ლუკა დონჩიჩის შეჩერება NBA-ის ვარსკვლავებსაც უჭირთ. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ NBA-ისა და ევროლიგის კალათბურთელები საქართველოს ნაკრებშიც თამაშობენ…
არასწორია მსჯელობა – მთავარია ვენესუელას და კაბო ვერდეს მოვუგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. თუ სლოვენიასთან წავაგებთ და ისე გავალთ მეორე ჯგუფურ ეტაპზე, წაგება გადაგვყვება და იქ უკვე ორივე მატჩის მოგება დაგვჭირდება მეოთხედფინალში გასასვლელად.
მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფის ფავრიტს ასე აფასებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი:
„დღეს მეტოქეების გაანალიზება რთული საქმეა. თუმცა, სლოვენიას ყველა კარგად იცნობს. ძალიან ძლიერი გუნდია ლუკა დონჩიჩითა და სხვა ვარსკვლავებით“.
ურთიერთშეხვედრები
ევრობასკეტი 2015. ფინალური ეტაპი
06.09.2015 სლოვენია-საქართველო 79:68
17:13, 24:13, 24:22, 14:20