მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში - პრესტიჟული ტურნირისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში გაიმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება და პრესტიჟული ტურნირისთვის მზადებაც დასასრულს უახლოვდება. სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები სასტუმრო „რედისონში“ მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. მათ ჟურნალისტებს და მოწვეულ სტუმრებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესი გააცნეს.
თაზო გამცემლიძე – მთის ტრასების საააგენტოს დირექტორის მოადგილე: „დიდი სამუშაო ჩატარდა. გაკეთდა ორი დიდი ტბა, რომლებიც, საერთო ჯამში, სამი მილიონი ლიტრის მოცულობისაა. ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბაკურიანისთვის, რადგან ბუნებრივი თოვლი სულ უფრო ნაკლებად მოდის. ისე გავიდა დეკემბერი და იანვარი, რომ, ფაქტობრივად, თოვლი არ მოსულა. რომ არა ხელოვნური გათოვლიანება, ტურნირის ჩატარებას საფრთხე ნამდვილად დაემუქრებოდა. გაკეთდა 29-კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა ხელოვნური გათოვლიანებით, რომელსაც უახლესი, თანამედროვე სისტემა უზრუნველყოფს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენ უკვე შეგვეძლება წინასწარ ვიცოდეთ, როდის დავიწყებთ სეზონს და რისკები მინიმუმადე იქნება დაყვანილი. ამიტომ არის ეფექტური და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი.
მინდა, საზოგადოებრივ მაუწყებელს მადლობა გადავუხადო საინფორმაციო მხარდაჭერისთვის. აქვე ვიტყვი, რომ ევროსპორტზე იქნება ბაკურინიდან მუდმივი პირდაპირი ეთერი. ამ ეტაპისთვის უკვე ვიცით, რომ 160 მილიონი მაყურებლისთვის არის შეძენილი პირდაპირი ეთერი ბაკურიანიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ზუსტად ჩვენი მიზნობრივი სეგმენტია – ვისაც უყვარს თოვლი, თხილამურები, ექსტრიმი. ეს ადამიანები ნახავენ, რომ საქართველოში არის კურორტი ბაკურიანი, სადაც შეუძლიათ ჩავიდნენ და უსაფრთხოდ ისრიალონ“.
ეკატერინე ორჯონიკიძე – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე: „როცა ასეთი დონის ტურნირი ტარდება, იქმნება საერთაშორისო დონის სპორტული ინფრასტრუქტურა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის, რადგან ინფრასტრუქტურა რჩება ქვეყანას, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც სპორტის ამ სახეობებს მისდევენ. შეიცვალა ფასადები, ღობეები, მთლიანად მოწესრიგდა ბაკურიანის იერსახე. მოეწყო საფეხმავლო, განათების სიტემა. როგორც სტუმრებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნება გასართობი სივრცეები, ჩატარდება კონცერტები“.
ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატს ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.