ფიფა-ს მიერ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობის ზრდამ ბევრ ქვეყანას მუნდიალზე მოხვედრის კიდევ უფრო რეალური შანსი მისცა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში ყველაზე მეტი, 48 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. წელს მუნდიალს ოთხი დებიუტანტი ეყოლება – კურასაო, კაბო ვერდე, იორდანია და უზბეკეთი.
კურასაო
კონფედერაცია: CONCACAF (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა)
მთავარი მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი (ნიდერლანდები)

კარიბის ზღვის აუზში მდებარე ეს პატარა, კუნძულოვანი სახელმწიფო (ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში), რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 160 000 ადამიანს შეადგენს, გახდა ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. იქამდე რეკორდი ისლანდიას ეკუთვნოდა, რომელმაც მუნდიალზე 2018 წელს ითამაშა.
კურასაოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ნამდვილი სენსაცია მოახდინა. გამოცდილი დიკ ადვოკაატის ხელმძღვანელობით მათ საკუთარი ჯგუფი მოიგეს. გადამწყვეტ მატჩში იამაიკასთან ქულის მოპოვება სჭირდებოდათ და ნულოვანი ფრე ითამაშეს.
კურასაოს ეროვნული გუნდის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები ლეანდრო ბაკუნა (თამაშობს თურქულ „იგდირში“) და მეკარე ელოი რუმი (თამაშობს „მაიამიში“) არიან.
კუნძულოვანი ქვეყნის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში გერმანიასთან, ეკვადორსა და კოტ დ’ივუართან ერთად ითამაშებს. კურასაოს პირველი მატჩი 14 ივნისს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ გერმანიასთან ელის.
კაბო ვერდე
კონფედერაცია: CAF (აფრიკა)
მთავარი მწვრთნელი: პედრო ლეიტაო ბრიტო (კაბო ვერდე)

კაბო ვერდეს ნაკრების წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო დიასპორაა. ნაკრების ბევრი წევრი ევროპაშია დაბადებული (მაგალითად, მცველი რობერტო ლოპესი ირლანდიაში დაიბადა), თუმცა მათ თავიანთი ფესვების გამო დასავლეთ აფრიკის კუნძულოვანი სახელმწიფოს სახელით თამაში აირჩიეს, რამაც გუნდს დიდი წარმატება მოუტანა.
„ლურჯმა ზვიგენებმა“ აფრიკის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და უკან მოიტოვეს ისეთი ტრადიციული საფეხბურთო ქვეყანა, როგორიც კამერუნია. საგზური მათ გადამწყვეტ მატჩში ესვატინთან გამარჯვებით (3:0) გაინაღდეს.
კაბოვერდელთა ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი 36 წლის ფორვარდი რაიან მენდესია (თამაშობს თურქულ „იგდირში“). მას ეროვნული გუნდის მაისურით 98 მატჩი აქვს ჩატარებული და 22 გოლი გატანილი. ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი მცველი სიდნი ლოპეს კაბრალი იქნება, რომელიც „ბენფიკას“ ღირსებას იცავს.
კაბო ვერდე მუნდიალზე H ჯგუფში ესპანეთთან, ურუგვაისა და საუდის არაბეთთან ერთად ითამაშებს. პირველ მატჩს აფრიკის წარმომადგენელი 15 ივნისს ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთთან ჩაატარებს.
იორდანია
კონფედერაცია: AFC (აზია)
მთავარი მწვრთნელი: ჯამალ სელამი (მაროკო)

იორდანია ბოლო წლებში პროგრესირებს. 2023 წლის აზიის თასზე სენსაციურად ფინალში გასვლის შემდეგ მათ სათამაშო ფორმა შესარჩევ ციკლშიც შეინარჩუნეს. მაროკოელი სპეციალისტის, ჯამალ სელამის ხელმძღვანელობით გუნდმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებლად ჩაატარა (მათ შორის, ომანის 3:0 დამარცხებით) და მუნდიალის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
გუნდის მთავარი იმედი საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე შემტევი მუსა ალ-ტამარია, რომელსაც გულშემატკივრები აზიის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევენ. „რენის“ 29 წლის ფეხბურთელს ეროვნული გუნდის რიგებში 92 მატჩი აქვს ჩატარებული და თავის გამოჩენა 24 გოლით მოახერხა.
იორდანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე J ჯგუფში არგენტინასთან, ავსტრიასა და ალჟირთან ერთად ითამაშებს. პირველი მატჩი ამ გუნდს 17 ივნისს ავსტრიასთან ელის.
უზბეკეთი
კონფედერაცია: AFC (აზია)
მთავარი მწვრთნელი: ფაბიო კანავარო (იტალია)

უზბეკეთი წლების განმავლობაში ითვლებოდა „საუკეთესო აზიურ ნაკრებად, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია“. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს. გუნდს ჰყავს ნიჭიერი თაობა – ბევრი ფეხბურთელი ევროპულ კლუბებში თამაშობს, ხოლო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, „ოქროს ბურთის“ მფლობელი ფაბიო კანავაროა.
უზბეკეთის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი „მანჩესტერ სიტის“ მცველი აბდუკოდირ ხუსანოვია, ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი კი – ელდორ შომუროდოვი, რომელიც წარსულში იტალიური „რომას“ ღირსებას იცავდა, ახლა კი თურქულ „ბაშაქშეჰირში“ გამოდის. შომუროდოვს ნაკრებში 91 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 44 გოლი გატანილი.
უზბეკეთი მუნდიალზე K ჯგუფში პორტუგალიასთან, კოლუმბიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ერთად ითამაშებს. პირველი მატჩი უზბეკ ფეხბურთელებს 18 ივნისს კოლუმბიასთან ელით.