საჩუქარი ფეხბურთის გულშემატკივრებს - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე
საჩუქარი ფეხბურთის გულშემატკივრებს - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრას ფეხბურთის გულშემატკივრები  ექსკლუზიურად პირველი არხის ეთერში ნახავენ.

ტურნირი ერთი თვე გაგრძელდება და თამაშების გარდა, პირდაპირ ეთერში მაყურებელს ელის საინტერესო გადაცემები, მატჩების მიმოხილვა და ანალიზი, სიუჟეტები საინტერესო და ისტორიულ ფაქტებზე, დღის მთავარი სიახლეები, სოციალური ქსელის მიმოხილვა და სხვა საინტერესო სიახლეები.

ფეხბურთის გულშემატკივარს ასევე საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს პირველი არხის გათამაშებაში „ფეხბურთის ლოგიკა“ და მოიგოს მთავარი პრიზი  – 2018 წლის ავტომობილი, ასევე სხვა პრიზები, მათ შორის სმარტფონი, ტელევიზორი.

გათამაშება სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით მომზადებული სტუდიიდან ეთერში გავა 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით იმ დღეებში, როცა მატჩებია დაგეგმილი.

ყოველ საღამოს პირველი არხის ეთერში კიდევ ერთი გადაცემა გავა – გადაცემა „კაცების“  წამყვანები – ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი ვახტანგიშვილი, დავით ლაბაძე და გიორგი ჯანელიძე  ამჯერად მხოლოდ ფეხბურთზე ისაუბრებენ.

მსოფლიო ჩემპიონატი გაშუქდება ჩვენს ვებპორტალზე, შესაძლებლობა გექნებათ, უყუროთ განვლილი მატჩების საუკეთესო მომენტებს და თუ ვერ ახერხებთ თამაშის პირდაპირ ეთერში ნახვას, თვალი მიადევნოთ Live Feed-ს, სადაც ოპერატიულად მიიღებთ ინფორმაციას მატჩის მიმდინარეობის შესახებ, ასევე იხილავთ თამაშის მნიშვნელოვან მომენტებს.

რადიო პირველი არხის (FM 102.4) ეთერში მოუსმენთ ელენე ბილიხოძის სპორტულ თოქშოუს „ესტაფეტა“.

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 14 ივნისს 17:40 საათზე საფეხბურთო გადაცემით გაიხსნება, რომელიც გათამაშებით „ფეხბურთის ლოგიკა“ და ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიით გაგრძელდება.

18:50 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში ერთმანეთს რუსეთი და საუდის არაბეთი დაუპირისპირდებიან.

სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეიქმნა აპლიკაცია 1tv .ge – World Cup – პირველად საქართველოში ყველა საფეხბურთო სიახლე ერთ სივრცეში, პირდაპირი ეთერი, თამაშების კალენდარი და პროგნოზი.

თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!