„მშვიდობის ბურთის“ ავტორი - ესაა გზავნილი მსოფლიოსადმი, რომ საქართველო მშვიდობის ქვეყანაა
მსოფლიოში პირველად, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონთან ახლოს, 31-ე საჯარო სკოლის წინ, მშვიდობის მოედანზე „მშვიდობის ბურთის“ 2,5 დიამეტრის ლამაზი მონუმენტი განათდა, რომელზეც სიტყვა „მშვიდობა“ 67 ენაზე წერია, მათ შორის – აფხაზურად და ოსურად.
მონუმენტის იდეა ბესიკ ადამიას ეკუთვნის, მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბ „LLL“ პრეზიდენტსა და პუბლიცისტს.
„მონუმენტი საზოგადოების, ფეხბურთის გულშემატკივრებისა და ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მხარდაჭერით დაიდგა. მნიშვნელოვანია, რომ „მშვიდობის ბურთის“ მონუმენტზე მშვიდობა 67 ენაზე წერია, მათ შორის გაერო-ს ქვეყნების, ასევე აფხაზურ, ოსურ და ჩრდილოეთ კავკასიურ ენებზეც. ამით პარიზის მშვიდობის კედელის რეკორდი მოიხსნა (49 ენა), რომელზეც სამწუხაროდ დღემდე სიტყვა „მშვიდობა“ ქართულ ენაზე არ წერია“, – ამბობს ბესიკ ადამია.
მისი თქმით, ქუთაისში მონუმენტის დადგმას სიმბოლური დატვირთვა გაააჩნია: „ესაა გზავნილი მსოფლიოსადმი, რომ საქართველო მშვიდობის ქვეყანაა, ყველას მეგობრობის ხელს უწვდის და ასაამისოდ მზადაა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო საფეხბურთო მატჩს უმასპინძლოს! იდეის დაბადებაში დიდი წვლილი მიუძღვის შიმონ პერესს. მისი ინიციატივით, ადრე ისრაელისა და პალესტინას ფეხბურთის გუნდებს შორის მშვიდობის ამხანაგური მატჩი ჩატარდა. ჩემი სურვილია, ქუთაისში მოწვეულ იქნას გაერო-სა და ნობელის მშვიდობის ელჩები, ცნობილი ფეხბურთელები და საქართველოში ჩატარდეს მსოფლიო დონის სამშვიდობო მატჩები ფეხბურთში და სპორტის იმ სახეობებში, რომლებიც ბურთთან ასოცირდება, როგორც სპორტის როლი მშვიდობის საქმეში, გაძლიერდეს მსოფლიო სამშვიდობო იდეოლოგია და ხელი შეეწყოს როგორც რეგიონალურ (კავკასია), ასევე მსოფლიო მშვიდობას!“.