მშობლიური კუთხის გუნდში - ლევან კაკუბავა „გაგრის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ლევან კაკუბავა კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„ისტორია გრძელდება. ახლა უკვე მშობლიურ, აფხაზურ კლუბში! კაკუბავა გაგრელია“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
საქმე ისაა, რომ 32 წლის მცველი აფხაზეთიდანაა. მისი ოჯახი ომის შემდეგ თბილისში დასახლდა და ლევანიც „დინამო თბილისში“ იზრდებოდა. კარიერის საწყისი ეტაპი ამ კლუბში გაატარა. მაგრამ 2013-14 წლების სეზონში ჯერ რუსთავის „მეტალურგში“ გადავიდა, ხოლო შემდეგ – ცხინვალის „სპარტაკში“.
2014 წლის ივნისში კაკუბავამ ნიქოზიის „ომონიასთან“ გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ კვიპროსულ კლუბში თამაშის შანსი არ მიეცა. ხელშეკრულება გაწყვიტა, ისევ საქართველოში დაბრუნდა და კარიერა საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ გააგრძელა. მერე იყო „ცხინვალი“ (2015–16), საჩხერის „ჩიხურა“ (2016-19), 2019 წლიდან კი „საბურთალოში“ თამაშობდა, იყო დედაქალაქური გუნდის კაპიტანი.
ლევან კაკუბავას უთამაშია საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. 2010 წელს თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, რომლის ფორმითაც 4 მატჩი ჩაატარა.