მრავალი წლის შემდეგ მშობლიურ კლუბში - ბუხაიძე „სამგურალში“ ითამაშებს
საქართველოში საფეხბურთო სეზონი ახლახან დასრულდა, წყალტუბოს „სამგურალი“ კი 2021 წლისთვის, ფაქტობრივად, დაკომპლექტდა. ამჯერად, გუნდთან კონტრაქტი გიორგი ბუხაიძემ გააფორმა – ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ „სამგურალსა“ და 29 წლის გამოცდილ თავდამსხმელს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელმოწერის შემდეგ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ სიმბოლურად კლუბის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა გიორგი ბუხაიძეს, რომლისთვისაც წყალტუბოს „სამგურალი“ უცხო კლუბი არ არის. მან პროფესიული საფეხბურთო კარიერა 16 წლის ასაკში სწორედ „სამგურალში“ დაიწყო. აქ ზედიზედ სამი სეზონი გაატარა და შემდეგ ფოთის „კოლხეთში“ გადაბარგდა, თუმცა, მომდევნო წელს კვლავ „სამგურალს“ დაბრუნდა.
შემდეგ იყო უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე თერჯოლის „საპოვნელა“. მართალია, ეს გუნდი ლიგიდან გავარდა, მაგრამ 24 გოლიდან 15 ბუხაიძის ანგარიშზე იყო. აღნიშნული კლუბების გარდა ის თბილისის „საბურთალოს“, „ცხინვალისა“ და მარტვილის „მერანის“ ღირსებას იცავდა. ბოლოს კი საჩხერის „ჩიხურაში“ თამაშობდა, რომლის მაისურითაც გასულ სეზონში ჩემპიონატსა და თასზე ჯამში 6 გოლი გაიტანა.
„მოხარული ვარ, რომ „სამგურალში“ დავბრუნდი, სადაც ჩემი კარიერა დაიწყო და ჯამში, ოთხი სეზონის განმავლობაში ვთამაშობდი. წლების შემდეგ კვლავ შევუერთდი საყვარელ გუნდს და ვეცდები, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. იმედია, რომ ნაყოფიერი სეზონი გვექნება და „სამგურალის“ ქომაგებს გამარჯვებებით გავახარებთ“, – ამბობს გიორგი ბუხაიძე.