მოურინიომ მსაჯის შეურაცხყოფის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT
„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 20 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა მიიღო მსაჯის შეურაცხყოფის გამო, – იტყობინება Football Italia.
პორტუგალიელი სპეციალისტი „რომასა“ და „ვერონას“ შორის სერია A-ს მატჩის მეორე ტაიმში გააძევეს მოედნიდან. მოურინიო თამაშის მთავარ არბიტრს ლუკა პაირეტოს შემდეგ სიტყვებს უყვიროდა: „შენ სპეციალურად დაგნიშნეს აქ სამსაჯოდ. ეს „იუვენტუსმა“ მოგაგზავნა“.
ასევე მოურინიომ სატელეფონო ზარის ჟესტი მოუძღვნა მთავარ არბიტრს, რომელიც პიერლუიჯი პაირეტოს ვაჟი გახლავთ. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ ჟესტით მიუთითა 2006 წელს იტალიურ ფეხბურთში მომხდარ კორუპციულ სკანდალზე, რომელშიც უფროსი პაირეტო მონაწილეობდა.