მოულოდნელი ფინალი - როგორ მოახერხა ფერსტაპენმა ჰემილტონის დამარცხება [ვიდეო] #1TVSPORT
ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონი დასრულდა, მაქს ფერსტაპენი კი 34 მრბოლელია, რომელმაც ტიტულის მოგება შეძლო.
სეზონის ბოლო რბოლის წინ მაქს ფერსტაპენსა და ლუის ჰემილტონს თანაბარი 369.5 ქულა ჰქონდათ, ყველაფერს აბუ დაბის გრანპრი წყვეტდა.
რბოლის სტარტზე ჰემილტონმა მოახერხა და მაქსს გადაუსწრო, თუმცა მეექვსე მოსახვევში ჰოლანდიელი წამოეწია, შიდა ტრაექტორიიდან შეუტია და ბრიტანელს ტრასის დატოვება მოუხდა კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, რბოლის სტიუარდებმა ამ ინციდენტის გამოძიება საჭიროდ არ ჩათვალეს. ჰემილტონმა პირველი ადგილი შეინარჩუნა და საგრძნობი უპირატესობით გავიდა წინ.
მე-13 წრეზე „რედ ბულმა“ ფერსტაპენი პიტ სტოპში შეუშვა და რბილიდან ხისტ საბურავებზე გადაიყვანა, ჰემილტონმა კი ერთი წრის შემდეგ გაიმეორა ეს ქმედება და საშუალო საბურავიდან ხისტზე გადავიდა. სერხიო პერესი ამ პიტსტოპების შემდეგ პირველ ადგილზე აღმოჩნდა და სწორედ მან დააბრუნა მაქსი ბრძოლაში, როდესაც 7-გზის ჩემპიონს საოცარი ბრძოლა გაუმართა მეოცე-ოცდამეერთე წრეებზე და დაახლოებით 7 წამი მოაგებინა თანაგუნდელს, რითაც მაქსი წამ-ნახევარზე ნაკლებ ინტერვალში შევიდა ჰემილტონთან.
აბუ დაბის გრანპრის მოულოდნელი ფინიში:
მიუხედავად უშეღავათო ბრძოლისა, „მერსედესის“ ბოლიდს აშკარა უპირატესობა ჰქონდა „რედ ბულთან“ შედარებით და ლუისმა კვლავ მოახერხა დიდი ინტერვალის შექმნა. ლუის ჰემილტონს თითქოს განაღდებული ჰქონდა 2021 წლის ჩემპიონობა და მიხაელ შუმახერის რეკორდის დამხობა, მაგრამ ნიკოლას ლატიფის ავარიის შემდეგ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა ჩაერთო და ფერსტაპენს კიდევ ერთხელ მიეცა პიტ სტოპში შესვლის შანსი ისე, რომ ინტევალი არ გაზრდილიყო. რბილ საბურავებზე გამოსულ მაქსსა და ლუისს შორის (რომელიც მე-14 წრიდან მოყოლებული ერთ საბურავზე იყო) წრეზე ჩამორჩენილი 4 ბოლიდი იდგა. სტიუარდების გადაწყვეტილებით ოთხივე მრბოლელმა უსაფრთხოების მანქანას გადაასწრო და ბოლო წრეზე გამქრალი ინტრიგა დაბრუნდა, „შეშლილმა მაქსმა“ რა თქმა უნდა შეუტია, ახალი საბურავებით უპირატესობა მისკენ გადაიხარა და გაასწრო კიდეც.
აბუ დაბის გრანპრიზე ერთი ისტორია დაიწერა – ფერსტაპენმა პირველად მოიგო ტიტული, მეორე ისტორია სამომავლოდ გადაიდო – ლუისმა წელს მერვე სეზონი ვერ მოიგო და ვერ გაუსწრო მიხაელ შუმახერს.
საამიროებში მესამე ადგილი კარლოს საინსმა დაიკავა, მეოთხე იუკი ცუნოდამ, მეხუთე კი პიერ გასლიმ.