მოულოდნელად - ბეგლარიშვილი „ოქროს ბუცის“ მაძიებლებში მეორე ადგილზეა
უეფამ იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ტრადიციულად ქცეული პრიზის, „ოქროს ბუცის“ მოსაპოვებლად იბრძვის.
ჩვენდა მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ ამ სიაში ქართველი ზაქარია ბეგლარიშვილი ერთ-ერთი ლიდერია. ესტონეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველმა ტალინის „ფლორას“ ფორმით 36 შეხვედრა ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და ამ ბალტიისპირული ქვეყნის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ერთი გოლით ჩამორჩა „კალიუს“ ბრაზილიელ ლეგიონერ ლილიუს, რომლის ანგარიშზეც 31 გოლია.
ბეგლარიშვილის პირველზე გასვლის შანსიც ჰქონდა, რადგან ესტონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ „ლილიუს“ მსგავსად, 30 გოლი გაიტანა. მაგრამ ბოლო შეხვედრაში მისი გუნდი თანაქალაქელ „ლევადიასთან“ 1:2 დამარცხდა, ჩემპიონობის შანსი ხელიდან გაუშვა და მესამე ადგილზე დაქვეითდა. გოლი ვერც ქართველმა გაიტანა, მისმა კონკურენტმა ბრაზილიელმა კი მეტოქის კარის აღება მოახერხა და 31 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.
„ოქროს ბუცის“ პირველი მფლობელი 1967 წელს გაირკვა. 1997 წლიდან ორგანიზატორები არიან ევროპის სპორტული გამოცემები (ინგლ. European Sports Magazines) და კომპანია „ადიდასი“. უეფამ საკუთარ რეიტინგზე დაყრდნობით კოეფიციენტები დააწესა და ქულები განსხვავებბული წესით ითვლება.
1996-97 წლების სეზონიდან, „ოქროს ბუცის“ პრესტიჟის ასამაღლებლად, ორგანიზატორებმა დაპატრონების შანსი გაუზარდეს ისეთ ფეხბურთელებს, რომელთაც უფრო რთულ ჩემპიონატში ნაკლები გოლი გაჰქონდათ. ახალი ქულათა სისტემის მიხედვით ეს დონე განისაზღვრა უეფას არეალში მყოფი გუნდების ჩემპიონატებში მოთამაშე კლუბების ბოლო ხუთი წლის კოეფიციენტით. უეფას რეიტინგით ხუთ საუკეთესო ჩემპიონატში გატანილი გოლი ორ ქულად ითვლება, 6-დან 21-მდე – 1.5 ქულად, ყველა დანარჩენი – 1 ქულად. ამ ბოლო კატეგორიაშია საქართველოც, რომელიც 47-ე ადგილზეა. ასე და ამგვარად უფრო ძლიერ ჩემპიონატში გატანილი გოლი უფრო მეტი ქულით ფასდება და შესაძლებელია, ფეხბურთელი „ოქროს ბუცის“ მფლობელი ნაკლები გოლით გახდეს. ესტონეთის ჩემპიონატი კი რეიტინგში 22-ს ქვემოთაა და შესაბამისად ზაქარია ბეგლარიშვილის 30 გოლიც ამდენივე ქულად ფასობს.
„ოქროს ბუცის“ კანდიდატთა სიაშია პსჟ-სს და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე, რომელმაც 11 გოლი გაიტანა, მაგრამ ამ რეიტინგში 22 ქულა დააგროვა.