მოსკოვის ცსკა შენგელიას მიერ გუნდის დატოვებას ეხმაურება - მისი მოქმედება კონტრაქტის პირობებისა და კლუბის რეგლამენტის დარღვევაა #1TVSPORT
რუსეთის უკრაინაში შეჭრის პროტესტის ნიშნად საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის გუნდის, ცსკა-ს დატოვება გადაწყვიტა. ის ამჟამად ოჯახთან ერთად ესპანეთშია.
დაიწერა ისიც, რომ ქართველ ფორვარდს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა აქვს გადაწყვეტილი. ამ საკითხთან დაკავშირებით ცსკა-მ ინფორმაცია გაავრცელა:
„ოჯახური და პირადი მიზეზებით, რაც დაკავშირებულია რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ სიტუაციასთან, თორნიკე შენგელიამ და იფე ლუნდბერგმა კლუბი დატოვეს. მალე სამშობლოში დაბრუნდებიან იოჰან ვოიტმანი (გერმანია) და მარიუს გრიგონისი (ლიეტუვა).
კალათბურთელების მოქმედებები კონტრაქტის პირობებისა და კლუბის რეგლამენტის დარღვევაა. თუმცა გუნდი გაგებით ეკიდება მოთამაშეთა მდგომარეობას. მათთან შეთანხმების სტატუსი გაირკვევა მას შემდეგ, რაც პოლიტიკური და სპორტული სიტუაცია ევროპაში დარეგულირდება“.