ონორე გომისისა და თამაზ მაქაცარიას სადებიუტო გოლებით გორის „დილამ“ მოქმედი ჩემპიონი, ბათუმის „დინამო“ 2:1 დაამარცხა. მაგრამ ანდრეი დემჩენკოს გუნდს ეს მოგება ძვირად დაუდჯა.
„დილას“ მთავარი მწვრთნელი იძულებული გახდა, პირველივე ტაიმში ორი მოთამაშე შეეცვალა – თორნიკე კაპანაძე და ცოტნე მოსიაშვილი. მოსიაშვილის ტრავმა, რომელიც 45+3-ე წუთზე ალვარო ტავარეშმა შეცვალა, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
„ბათუმის „დინამოსთან“ მატჩისას მიღებული ყვრიმალის ძვლის დაზიანების გამო ცოტნე მოსიაშვილს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. ცოტნეს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და იგი მოედანს თვენახევრიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება. გამოჯანმრთელებას გისურვებთ ცოტნე“, – წერია „დილას“ განცახდებაში.
27 წლის ცენტრალური ნახევარმცველი „დილაში“ 2021 წელს გადავიდა და გუნდის ფორმით ეროვნულ ლიგაში, საქართველოს თასზე და კონფერენს ლიგაზე 33 მატჩი ჩაატარა. მოსიაშვილი „ვიტ ჯორჯიას“ გაზრდილია. ასევე უთამაშია „გაგრაში“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და „თელავში“.