მოსამზადებელი ეტაპი ვიდეორეფერის დანერგვისთვის - საქართველოში სისტემა წელს ამოქმედდება #1TVSPORT
ვიდეორეფერი საქართველოში უახლოეს პერიოდში დაინერგება, – ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„საქართველოში ვიდეორეფერის დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება. 1-ელიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში პროექტის 3B ეტაპი გაიმართა, რომელიც 40-წუთიან სათამაშო ეპიზოდებს მოიცავს. მსაჯებს თამაშის მიმდინარეობისას მომხდარი საკამათო ეპიზოდების გარჩევა და ვიდეორეფერის ჩართულობით გადაწყვეტილების მიღება ევალებოდათ. მომდევნო, 3C ეტაპის ფარგლებში, ფიფა-სთან შეთანხმებით, ჩატარდება სატესტო თამაში, რის საფუძველზეც საქართველოში ოფიციალური მატჩების ჩატარება ვიდეორეფერის თანხლებით გახდება შესაძლებელი“, – წერია სფფ-ს გავრცელებულ ცნობაში.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ ვიდეორეფერის დანერგვასთან ერთად, სისტემის მომსახურე პერსონალის მომზადებაც მიმდინარეობს, რომლებიც ფიფა-სგან შესაბამის ლიცენზიას მიიღებენ.
„სემინარის ყველა ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველ მსაჯებს ფიფა-სგან ვიდეოასისტენტის ლიცენზია მიენიჭებათ“.
ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში მსაჯის ვიდეოასისტენტის დანერგვაზე გასული წლიდან მუშაობს. სამუშაო ჯგუფს ფიფა-ს ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა 2022 წლიდან იგეგმება.